პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართელოს“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი მოსიაშვილმა კახეთში მომხდარი სტიქიის შემდეგ რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებთან ერთად დაზარალებული რაიონების სოფლები შემოიარა.
მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სტიქიის შემდეგ გარკვეული პერიოდი უკვე გავიდა, ზოგიერთ სოფლებში ჯერ ზარალის დათვლაც კი არ დაწყებულა. როგორც მოსიაშვილი აცხადებს, ხელისუფლებამ დახმარებაზე ძირითადი აქცენტი ქალაქების ცენტრალურ უბნებზე გააკეთა.
„ამ ეტაპზე ხელისუფლება ახდენს საცხოვრებელი კორპუსების გადახურვას, რაც მისასალმებელია. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ პერიფერიულ სოფლებში არც ცენტრალური ხელისუფლების და არც ადგილობრივი თვითმმართელობის ხელმძღვანელები არ მისულან მდგომარეობის გასარკვევად. მაგალითად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრიწყლების მოსახლეობას დღემდე არ მიეწოდება ელექტროენერგია, არ მომხდარა ამ სოფლებში კომისიის მიერ ზარალის დათვლა. ადგილობრივები უდენობის გამო იმყოფებიან საინფორმაციო ვაკუუმში და დღემდე მათთან ადგილობრივი თვითმმართელობიდანაც კი არავინ მისულა და არ დაინტერესებულა თუ რა პრობლემები აქვთ მათ“, - აღნიშნავს მოსიაშვილი.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი იმას უკავშირდება, რომ თეთრიწყლებში არის 300–მდე ამომრჩეველი და აღნიშნა, რომ ეს სოფელი ამომრჩევლის სიმცირის გამო მათთვის პრიორიტეტული არ არის.
მოსიაშვილი განმარტავს, რომ როგორც გუბერნიის ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგებლები მოჩვენებით მზრუნველობას იჩენენ ცენტრალურ ქალაქებში, რასაც სამთავრობო ტელევიზიები მათი პიარ კამპანიისთვის აფიქსირებენ.
„რეალური შედეგი კი არის სულ სხვა. პერიფერიებში მეტად მძიმე და სავალალო სიტუაციაა. ხალხი არის შიმშილის ზღვარზე. „თავისუფალი საქართელოს“ კახეთის რეგიონალური ორგანიზაცია აპროტესტებს აღნიშნულ ფაქტს. მოვუწოდებთ, ხელისუფლებას სასწრაფოდ მიიღონ რეალური, გადამჭრელი ზომები სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად“, - აღნიშნავს მოსიაშვილი.