USAID-ის და IFES-ის დაფინანსებით წინასაარჩევნოდ 8 ახალი პროექტი განხორციელდება

USAID-ის და IFES-ის დაფინანსებით წინასაარჩევნოდ 8 ახალი პროექტი განხორციელდება

წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდგომ, ზოგადი ვითარების გაუმჯობესების მიზნით USAID-ის და IFES-ის დაფინანსებით 8 ახალი პროექტი განხორციელდება. ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტების პროექტების პრეზენტაციაზე აღინიშნა.

მათი განცხადებით, ეს პროგრამები მიმართული იქნება ამომრჩევლის დახმარებაზე, რომელიც  არჩევნების წინ ინფორმირებას და შემდგომ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას დაუკავშირდება. 

პროექტთაგან ერთ ერთი კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ მიერ განსახორცილებელი ორი პროექტია, რომელიც უნარშეზღუდული ამომრჩევლისთვის არის გათვალისწინებული. პირველი პროექტი ითვალისწინებს ამ კატეგორიის ელექტორატის ინფორმირებულობის ამაღლებას და არჩევნებში მონაწილეობის მოტივაციის გაზრდას, მეორე კი - მათი საჭიროების შესწავლას და არჩევნების დროს მათ გათვალისწინებას.

„სამოქალაქო კულტურის ცენტრი“ წარმოადგენს საარჩევნო ვებ-პორტალს, სადაც ანალიტიკური მასალა, გზამკვლევი და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ ყოველკვირეული მიმოხილვა განთავსდება. 

პროექტს ახორციელებს, ასევე, ტელეკომპანია „კავკასია“, რომლის ეთერით გავა დებატების ციკლი, სულ 10 გადაცემა. პირველი გადაცემა ივნისში უკვე გავიდა ეთერში. არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ გადაცემა ყოველკვირეული იქნება. 

პროექტს განახორციელებს კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“, რომელიც დებატების ფორმატის გადაცემას გააკეთებს. მასში ოთხი კვალიფიციური სუბიექტი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება“, „ქდმ“ და „ლეიბორისტები“ კონკრეტულ - სოციალურ, ეკონომიკურ, საგარეო პოლიტიკის, ტერიტორიული მთლიანობის, სამართლებრივი რეფორმის, ადამიანისა და მედიის უფლებების თემებზე ისაუბრებენ.

აღნიშნული მიზნით „ძველი ქალაქიც“ რომელიც ქუთაისსა და მთლიანად იმერეთის რეგიონში მაუწყებლობს ეთერით როგორც დებატების ისე ანალიტიკური ფორმატის გადაცემებს გაუშვებს.

„ინტერნიუსი-საქართველო“ 6 თვის განმავლობაში განახორციელებს რეგიონული ტელეკომპანიების საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ წინასაარჩევნო პერიოდში ფარული, პოლიტიკური, სოციალური და ფასიანი პოლიტიკური რეკლამების მონიტორინგს ატარებს. როგორც აღინიშნა, დაკვირვება ხორციელდება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „იმედის“, „რუსთავის 2“-ის, „კავკასიის“, „მაესტროსა“ და „მე-9 არხის“ ეთერით გასულ რეკლამებზე. 

აღნიშნული რვა საარჩევნო პროექტის დაფინანსებაზე გაცემული გრანტების რაოდენობა 240 ათას აშშ დოლარია. პროექტისთვის ორგანიზაციები კონკურსის წესით შეირჩა.