12-19 სექტემბერს ბათუმი საავტორო კინოს მეხუთე საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს.
წელს ძირითად პროგრამაში 50-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი იქნება წარმოდგენილი, ახალგაზრდულ, მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში - 30 ფილმი. ფესტივალზე ფილმებით 20-ზე მეტი ქვეყანაა წარმოდგენილი.
კინოჩვენებები ბათუმის დრამატულ თეატრში, 19 სექტემბრამდე ყოველ დღე, დღის ორი საათიდან გაიმართება. 14 სექტემბრიდან კი სასტუმრო ინტურისტის საკონფერენციო დარბაზში ახალგაზრდული ფილმების საკონკურსო ჩვენება დაიწყო..
საავტორო კინოს ბათუმის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი 12 სექტემბერს აბას ქიაროსთამის "დამოწმებული ასლით“" გაიხსნა. ფილმის რეჟისორი, ირანული კინოს "ახალი ტალღის" ერთ-ერთი ცნობილი ფიგურაა, რომელიც თავადაც ესწრებოდა გახსნის ცერემონიალს და ფილმის ჩვენებას.
ბათუმის კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის ზბიგნევ რიბჩინსკი, ცნობილი პოლონელი რეჟისორი და ვიდეოარტის ერთ-ერთი ფუძემდებელი უხელმძღვანელებს. ჟიურის წევრები არიან ასევე : ბოჟიდან მანოვი (ბულგარეთი), ნინო კირთაძე (საქართველო), სიდიკ ბარმაკი (ავღანეთი), ჯუდით ბლექბერნი (აშშ).
ახალგაზრდა რეჟისორების კონკურსის ჟიურის ჩიკაგოს დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის დირექტორი, ქრისტოფერ კამისჩევი უხელმძღვანელებს.
ახალგაზრდული კინოს კონკურსის ჟიურის წევრები არიან: ლევან კოღუაშვილი (საქართველო), ვასილი სიგარევი (რუსეთი), მიშელ ბრუკე (დიდი ბრიტანეთი), სეიფოლა სამადიანი (ირანი).
ფესტივალზე საკონკურსო ჩვენებების გარდა გაიმართება აბას ქიაროსთამისა და ზბიგნევ რიბჩინსკის ფილმების რეტროსპექტივა, გოეთეს ინსტიტუტი ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე მეორედ წარმოადგენს გერმანულ ფილმებს, ხოლო სექციაში აბრეშუმის გზის კინემატოგრაფი - ძირითადად ირანული კინო იქნება წარმოდგენილი.
კინოფესტივალის პრიზია ოქროს ცხენთევზა, რომელიც გახსნის ცერემონიალზე აბას ქიაროსთამს გადაეცა.
გაიცემა ასევე შემდეგი პრიზები:
გრანპრი საუკეთესო რეჟისურისათვის
გრანპრი საუკეთესო მხატვრული ფილმისათვის
გრანპრი საუკეთესო დოკუმენტური ფილმისათვის.
დაჯილდოვდებიან საუკეთესო მამაკაცის და ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლები. ასევე გაიცემა ორი პრიზი კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – ქართველი და უცხოელი კინორეჟისორისთვის.
ფესტივალი 19 აგვისტოს დასრულდება ოთარ იოსელიანის 2010 წლის ფილმით "შანტრაპა", რომლის პრემიერაც საქართველოში ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალზე შედგება.