16 ივლისს, 16:00 –”For.ge”-ს საკონფერენციო დარბაზში (თაქთაქიშვილის, ყოფილი რიგის ქ. 11) შედგება ახლახანს დაფუძნებული ”ეკონომიკური სამართლიანობისა და ბიზნესის თავისუფლებისთვის” ახალგაზრდული ალიანსის ბრიფინგი. ალიანსის წევრები არიან ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” და ”ახალგაზრდა ადვოკატები”. გავრცელდება ალიანსის დეკლარაცია და სამართლებრივი შეფასება მიეცემა მედია– ბიზნესის შეზღუდვის ბოლოდროინდელ ფაქტებს.
„ჩვენ, ახალგაზრდები,რომლებმაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოში მივიღეთ უმაღლესი განათლება, აღმოვჩნდით უკონკურენტო, უსამართლო და უპერსპექტივო გარემოში. ოლიგოპოლირ ეკონომიკაში არავის სჭირდება კვალიფიციური აუდიტორის, მარკეტოლოგის და ფინანსისტის ანალიზი, იურისტისა და ადვოკატის მომსახურება, რადგან სასამართლო შეჯიბრებითობა ზარმა ჩაანაცვლა, თავისუფალი მეწარმეობა კი – მონოპოლიებმა. იურისტები, ეკონომისტები და ფინანსისტები, როგორც ინსტრუმენტები, ამოვარდნენ ეკონომიკური ურთიერთობიდან, რის გამოც ჩვენ ვართ, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი, ჩვენი მშობლების კმაყოფაზე, რაც თაობებს შორის არაჯანსაღ ურთიერთობებს ქმნის და ახალგაზრდობას ხდის ორიენტირებულს არა წარმატებაზე, ოჯახის შექმნასა და ქვეყნის მომავალზე, არამედ უსაქმურობასა და ნიჰილიზმზე. სამწუხაროდ,ხელისუფლებათა ცვლა და წინასაარჩევნო დაპირებები ვერ შველის უიმედობისა და უპერსპექტივობის განცდას, რომლითაც მოცულია საქართველოს ახალგაზრდობის უმრავლესობა.
ჩვენი მხრიდან პასუხი დღევანდელობის ამ გამოწვევებზე არის ახალგაზრდული ალიანსის დაფუძნება, რომელიც იმუშავებს საქართველოში ახალგაზრდების ღირსეული ადგილის მოსაპოვებლად, ეკონომიკური სამართლიანობის დამაკვიდრებელი ეკონომიკური მოდელის შესამუშავებლად, ბიზნესის გასათავისუფლებლად და დასაქმებისათვის აუცილებელი კონკურენტული გარემოს შესაქმნელად, პარტიათა დაპირებებისა და ეკონომიკური დოქტრინების შესაფასებლად, ქართული ბიზნესის დასაცავად და დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად“, –აღნიშნულია დეკლარაციაში.
თავიანთ პირველ ბრიფინგზე, ალიანსი ტელეკომპანია ”მაესტროს” თეფშების დაყადაღების საკითხზეც იმსჯელებს და ხელისუფლების მხრიდან სამართლებრივი პროცედურების დარღვევებისა და თავისუფალი ბიზნესის ხელყოფის ფაქტებს სამართლებრივ შეფასებას მისცემს.