გორში "ქართული ოცნების" აქცია ზუსტად 19:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეებს სიტყვით კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მიმართა.
ბიძინა ივანიშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა, რათა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებისთვის წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ.
„საქართველოს ყოველ კუთხეს თავისი განუმეორებელი ხიბლი აქვს. ქართლი კი ყოველი კუთხის გამაერთიანებელი, ერთიან საქართველოდ შემკრები და შემკვრელია. სიტყვა საქართველოც ხომ ქართლიდან მოდის.
ჩვენ დღეს გორში შევიკრიბეთ, დიდი დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებულ ქალაქში. ამ ქალაქს ბევრი განსაცდელი უნახავს და ბევრი გასაჭირი გადაუტანია, მაგრამ დღემდე მტკიცედ დგას, როგორც საქართველოს ერთიანობის, ჩვენი სამშობლოს გაუტეხლობისა და სიმტკიცის სიმბოლო.
ქედს ვიხრი თქვენ წინაშე. აქ ლამაზი სიტყვების არც ადგილია და არც დრო. ქართლის გულში ვდგავართ, საქართველოს გულში და ეს გულია ახლა ნაიარევი. უკვე ოთხი წელი გადის, ეს იარა კი ვეღარ შუშდება.
ამ ჭრილობას სულის შებერვით ვერ მოაშუშებ. მას არც ტკივილის გაყუჩება უშველის. ამ ჭრილობას სასწრაფოდ უნდა ვუმკურნალოთ, რათა პირი შეიკრას და შეხორცდეს. უკვალოდ მის გაქრობას ვერავინ დაგვპირდება. დაღუპულებს ვერავინ გაგვიცოცხლებს, დაღუპულებს ვერავინ დაგვიბრუნებს.
წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას...
გულით თუ გვინდა, რომ ამ ჭრილობამ, ბოლოს და ბოლოს, პირი შეიკრას, ჯერ ჩვენ შევკრათ პირი - დღეს და აქ",- მიმართა ივანიშვილმა აქციის მონაწილეებს.
მისი თქმით, საზოგადოევამ ერთად უნდა მონახოს ძალა და შევძლოს პატიებას. " ჩვენ შევძლებთ არა მარტო პატიებას, ჩვენ ჩვენი ბრალის აღიარების და მონანიების ძალაც შეგვწევს. ჩვენ ქართველ დედებს კიდევ ერთხელ მოვუხდით ბოდიშს. ჩვენ „ვეფხისა და მოყმის“ შემქმნელი ხალხი ვართ - ჩვენ სამძიმარს ვეტყვით ოს დედებს, დავეხმარებით მათ უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილების მოძებნაში, ჩავატარებთ სამართლიან გამოძიებას, გამოვასწორებთ, რისი გამოსწორებაც ჯერ კიდევ შესაძლებელია.
მომავალშიც ჩვენ მხოლოდ გზას დავულოცავთ ქართულ-ოსურ ოჯახს, რომელიც ყოველთვის ბუნებრივი და ჩვეულებრივი ამბავი იყო აქ, ამ მხარეში. ჩვენ, ქართველებმა და ოსებმა, ერთად უნდა შევძლოთ ურთიერთობების აღდგენა, რადგან ამდენი რამ გვაკავშირებს და გვაახლოებს ერთმანეთთან. ჩვენ გამოვნახავთ მისადგომს ჩვენს ძმებთან და დებთან - ოსებთან, ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ მათთან ურთიერთობას“,- განაცხადა ივანიშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.