გორში, კომბინატის დასახლებაში "ქართული ოცნების" აქციაზე შეკრებილ მოსახლოებას ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების მიერ საზოგადოების საკუთარ სპორტსმენებად, ჟურნალისტებად, რეჟისორებად დაყოფაზე ისაუბრა და ხელისუფლების ”ზონდერბრიგადებს” მიმართა, რომ ნუ ჩაიდნენ უპატიებელ დანაშუალს საკუთრი ხალხის წინაშე.
”სააკაშვილმა ქართული საზოგადოება დაჰყო. მას ჰყავს თავისი ჟურნალისტები, თავისი მსახიობები და რეჟისორები, მასწავლებლები. საზოგადოება ასაკის მიხედვით და ენის ცოდნის მიხედვით დაჰყო. ისეთ სფეროშიც შეიჭრა და იქაც კი გახლიჩა ადამიანები, როგორიცაა სპორტი, სადაც გუნდურობა წარმატების საწინდარია. მან სპორტის პოლიტიზება შეძლო. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩვენს საამაყო და სანიმუშო სპორტსმენს არა სპორტული მიღწევებით, არამედ ხელისუფლებისადმი ყურმოჭრილი მორჩილების მიხედვით აფასებს, ეს ხომ სპორტსმენის გადაგვარებას ნიშნავს.
ცნობილია, რომ პოლიტიკური ოპონენტების და ხელისუფლების უკმაყოფილო მოსახლეობის დასაშინებლად და დასაჩაგრავად, დასასჯელად, ძალღონით გამორჩეული სპორტსმენებისგან ქმნიან სამარცხვინო რაზმებს. თანაც ცნობილია, რომ ეს რაზმები სწორედ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მოსახლოებას უსწორდებიან. რასაც არ უნდა ჰპირდებოდეს მათ ხელისუფლება, ჩვენ მათ მხოლოდ სამართლიან კანონს ვპირდებით და არავითარ შემთხვევაში შურსიძიებას.
ჩემო ძმებო და ჩემო შვილებო! ნუ ჩაიდენთ უპატიებელ დანაშაულს. სამარცხვინოა, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოს ხელისუფლებამ შექმნა ჯგუფები, რომელსაც ხალხმა ფაშისტური სპეცდანაყოფის სახელი ”ზონდერბირგადები ”უწოდა და რომელსაც პარლამენტის წევრი ხელმძღვანელობს”,-აცხადებს ივანიშვილი.