ლევან კალანდაძე:

ლევან კალანდაძე: " სადაზღვევო პოლისის მქონე მოქალაქეები წამლების სიძვირის გამო ვერ მკურნალობენ"

"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერის ლევან კალანდაძის განცხადებით,  ოლიგოპოლიური ფარმაცევტული ბაზარი წამლის სიძვირეს განაპირობებს, რაც  მნიშვნელოვნად ამცირებს  სადაზღვევო პოლისის ეფექტურობას.

ამის შესახებ კალანდაძემ  ოზურგეთში გამართულ  ბრიფინგზე  ისაუბრა.

მან  სადაზღვევო პოლისის მქონე ოზურგეთელი მოქალაქის მანანა მგელაძის მაგალითზე ის პრობლემა წარმოაჩინა, რომელიც მედიკამენტების სიძვირის გამო ადამიანების წინაშე დგას.

ლევან კალანდაძის თქმით, " ქალბატონი მანანა მგელაძე უმწეოს სტატუსით სარგებლობს და დაზღვევის პოლისი აქვს. მან ამ პოლისით ექიმს მიაკითხა  და მისგან დანიშნულება მიიღო, მაგრამ 200 ლარის წამლების შეძენა ვერ შეძლო და ვერ იმკურნალა.  მაშინ ისმება კითხვა: რა აზრი აქვს პოლისების ქონას ? " - განაცხადა ლევან კალანდაძემ.

 კალანდაძემ  ჟურნალისტებს "ახალი მემარჯვენეების" პროგრამის ის მიმართულება გააცნო, რომელიც მონოპოლიების მოსპობას და მოსახლეობის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას ეხება. "ახალმა მემარჯვენეებმა" ფართომასშტაბიანი კამპანია დავიწყეთ მონოპოლიების წინააღმდეგ და ეს პირველ რიგში ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მონოპოლიას ეხება. ცხადია, ამ სფეროში მონოპოლიის მოსპობა წამალს გააიაფებს, მაგრამ ეს  საკმარისი არ იქნება მოსახლეობის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. მემარჯვენეები ვთვლით, რომ პოლისი უნდა ჰქონდეს სოფლად მუდმივად მცხოვრებ ყველა მოქალაქეს და ამ პოლისით უნდა უნაზღაურდებოდეს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები", - განაცხადა ლევან კალანდაძემ.