არასამთავრობო ორგანიზაციამ - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში“ წინაასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის ფარგლებში პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების შვიდი შემთხვევა გამოავლინა.
მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა. წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, წინა თვეებთან შედარებით, საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია დამძიმდა.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას განცხადებით, საანგარიშო პერიოდში სამართლიანი არჩევნების მიერ იდენტიფიცირებულია, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების - 7, მუქარისა და ზეწოლის -17 მათ შორის ბიზნესზე ზეწოლის - 1, მოქალაქეებზე ზეწოლის -6 და პარტიის აქტივისტებზე ზეწოლის - 10 შემთხვევა.
პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების - 4, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების - 7, მოსყიდვის - 5 და სოციალური დახმარების ერთი შემთხვევა.
ანგარიშში, ასევე, მოყვანილია პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორების ოთხი, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შვიდი, მოსყიდვის ხუთი და სოციალური დახმარების ერთი შემთხვევა.
როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, წინა თვეების განმავლობაში, სამსახურიდან გათავისუფლების 110 შემთხვევა ფიქსირდებოდა, ამჯერად, სიტუაცია შეცვლილია. მისი თქმით, სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები ძირითადად კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში ფიქსირდება.
„ანგარიშში, ასევე, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ძალადობრივი ქმედებები პოლიტიკურ პარტიებსა და მომხრეთა შორის მუქარისა და ზეწოლის შემთხვევები. სიახლეა, ასევე, პოლიტიკური პარტიების აქტივისტების მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება, მათ შორის, ადმინისტრაციული პატიმრობები“ - განმარტა ლომჯარიამ.
მისივე ინფორმაციით, ამ მხრივ სიტუაცია განსაკუთრებით რეგიონებში დაიძაბა, რადგან იქ ძალადობრივი ქმედებები გახშირდა.
„ზოგ შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან ადგილი არაერთგვაროვან მიდგომას აქვს და ცალკეულ შემთხვევებში სანქციის შეფარდება არაპროპორციულად ხდება. მაგალითად, სიტყვიერი ურთიერთშელაპარაკების გამო, „ქართული ოცნების“ აქტივისტს“ ზაქარია ქინქლაძეს 45 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს“-განაცხადა ლომჯარიამ.
მისივე თქმით, „სამართლიანი არჩევნები“ იმედს გამოთქვას, რომ ანგარიშში მოყვანილი ფაქტები არ დარჩება შესაბამისი ორგანოების სათანადო შესწავლისა და რეაგირების გარეშე.
„სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს საქართველოს 73 საარჩევნო ოლქში გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით 1 აპრილიდან ახორციელებს. აღნიშნული შუალედური ანგარიში მოიცავს პერიოდს 2012 წლის 4 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით. აგრეთვე მოვლენებს, რომელთა განვითარებაც 4 ივნისამდე დაიწყო, მაგრამ მონიტორინგის პერიოდში იქნა გამოვლენილი.
ორგანიზაციის დაკვირვებით, 4 ივნისიდან 1 ივლისამდე პერიოდში, „ქართულმა ოცნებამ“ - 105, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 57, „ახალმა მემარჯვენეებმა“ - 34,ხოლო „ქრისტიან დემოკრატებმა“-11 საჯარო შეხვედრა გამართეს.
ლომჯარიას განმარტებით, ბოლო თვის განმავლობაში ოთხი ძირითადი პოლიტიკური პარტიის დაპირებები მნიშვნელოვნად დაახლოვდა, რადგან მათი დაპირებები სოფლის მეურნეობის განვითარებას, დასაქმებას და სოციალური დაზღვევის პროგრამებს ეხება.
„სამართლიანი არჩევნების“ კვლევები არჩევნებამდე ყოველთვიურად გაგრძელდება. დღეს გამოქვეყნებულ კვლევა უწყებათაშორის კომისიას გადაეგზავნება, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნობენ.