პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას და რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. შეხვედრების ფონზე, კოალიციის მხარდამჭერებსა და ხელისუფლების მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებები გახშირდა, უკვე არცთუ იშვიათი ხასიათი მიიღო კოალიციის წარმომადგენლებზე „ნაც მოძრაობის“ აქტივისტების თავდასხმამ და ისინი სხვადასხვა ხერხებით მათ შორის, ქვებით მობილიზებულნი „ქართული ოცნების“ მორიგ გამოჩენას ელოდებიან.
მოსახლეობათან შეხვედრებისას კერძოდ, გუშინ გორში კარალეთის დევნილთა დასახლებაში მომხდარი ინციდენტის ფონზე, გეგმავს თუ არა „ქართული ოცნება“ გორში დაანონსებული აქციის თარიღის გადახედვას, ელოდებიან თუ არა კოალიციის მიერ, დაგეგმილ ღონისძიებაზე კოალიციის წევრები ხელისუფლებისგან პროვოკაციების განხორციელებას, მხარდამჭერების დაპირისპირება მიგვიყვანს თუ არა სამოქალქო დაპირისპირებამდე და რეგიონების შემოვლის ფონზე ემზადება თუ არა „ქართული ოცნება“ რევოლუციისთვის from.ge პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს მანანა კობახიძეს ესაუბრა.
მანანა კობახიძე: პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ, გორში დაანონსებული აქციის თარიღის გადახედვა არ იგეგმება. ჩვენ სრულიად მობილიზებულნი ვართ. აქცია შედგება და ის 15 -ში აუცილებლად ჩატარდება. ხელისუფლებისგან პროვოკაციების განხორციელება არაა გამორიცხული სამწუხაროდ, მათ ეს ხელეწიფებათ. ჩვენ ამ შემთხვევაში, აუცილებლად მივმართავთ ადგილობრივ პოლიციას, რათა ისინი ვალდებულნი არიან შეკრების თავისუფლება და მოქალაქეები ყოველგვარი ძალადობისა და თავდასხმისაგან დაიცვან. ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა, რომლის ფარგლებშიც ამ შეკრებებს ვატარებთ. შეხვედრები ჩვენი საარჩევნო კამპანიის ნაწილია და ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულნი არიან შეკრებილი ხალხი თავდამსხმელებისგან და მოძალადეებისგან დაიცვან. ვალდებულნი არიან ყველა ზომას მიმართონ, რომ რაიმე ინციდენტი არ მოხდეს.
ჩვენი მხრიდან, ხალხი ძალიან ორგანიზებულია და ეს კოალიციის მიერ ჩატარებული ოთხი აქციით დავამტკიცეთ. ამ ღონისძიებებისგან არანაირ ექსცესი არ მომხდარა. ჩვენი მხარდამჭერები, მოქალაქეები, რომლებიც ჩვენს აქციაზე მოდიან აბსოლუტურად შეგნებულნი არიან. ისინი არასდროს არანაირ წესრიგს არ არღვევენ. პროვოკაცია თუ ვიღაცისგან წამოვიდა, ეს ხელისუფლების მიერ შემოგზავნილი პირისგან იქნება განხორციელებული. შესაბამისად, ამ შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებას ეკისრება. ამიტომ კეთილი ინებონ, თავი შეიკავონ და ხელი აიღონ ყოველგვარი ასეთი მზაკვრული გეგმებისგან, რომელსაც შეიძლება ახლა ახალაიას კაბინეტში ამზადებდეს.
- კოალიციის წარმომადგენლებისა და მოსახლეობის შეხვედრებზე ფაქტია, რომ ხელისუფლების მხარდამჭერები და კოალიციის მხარდამჭერები ერთმანეთს უპირისპირდებიან. როგორ ფიქრობთ, ეს ყოველივე სამოქალაქო დაპირისპირებამდე ხომ არ მიგვიყვას?
- მოქალაქეები, რომლებიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან, არანაირად არავის უპირისპირდებიან. ქვების, ლურსმებიანი ფიცრების ცვენა, უცენზურო სიტყვები და ლანძღვა სწორედ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეშილი აქტივისტებისგან და მათი ზონდერებისგან მოდის, რომლებიც მიზანმიმართულად მოქმედებენ, რათა მოსახლეობასთან შეხვედრებში ხელი შეგვიშალონ. აი სწორედ, ეს ხალხია პროვოკატორები და კრიმინალები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ნორმალური საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელს უშლის. ზოგადად, მოსახლეობას რაც შეეხება, მათ ძალიან მკაფიო პოზიცია აქვთ და „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერენ. მათ არავითარი სამოქალაქო დაპირისპირება არ სურთ და ის, რომ „ქართულ ოცნების“ მიზნებში ქუჩის აქციები და სამოქალაქო დაპირისპირება არ შედის ცხადია. ჩვენ უბრალოდ, საარჩევნო კამპანიას ვატარებთ და ეს ამომრჩევლებთან კოალიციის ლიდერის მორიგი შეხვედრაა. ესაა ღონისძიება, რომლის ჩატარების უფლებაც გვაქვს. ეს არაა საპროტესტო აქცია და აუცილებელია ხელისუფლებამ ეს შეიგნოს. აუცილებელია მათ მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა მოგვცეს. დღეს, სამოქალაქო დაპირისპირებაზე თუ ვინმე საუბრობს, ეს ხელისუფლებააა. ეს მათ აწყობთ და არა „ქართულ ოცნებას“.
- აღნიშნავთ, რომ მოსახლეობასთან შეხვედრებისას მშვიდობიანი მიზნები გამოძრავებთ, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი და პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ თქვენი მოსახლეობასთან შეხვედრები, თქვენი „მხარდაჭერების ტესტის“ შექმნას ემსახურება და რომ რევოლუციისთვის ემზადებით...
- ამ პიროვნებებმა ალბათ, არ იციან კოალიციის ის დოკუმენტები, რომლებზეც კოალიციის წევრმა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს. ამ დოკუმენტში იმთავითვე გაცხადებულია, რომ ჩვენ ყველა იმ ძალას გავემიჯნეთ, რომელსაც ამ ხელისუფლების შეცვლა რევოლუციის გზით სურდა. ჩვენი მიზანია ამ ხელისფლების თავისუფალი, სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნების გზით შეცვლა და არავითარი რევოლუცია ჩვენს მიზნებში არაა. ეს კოალიცის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა იმთავითვე განაცხადა, როცა პოლიტიკაში შემოვიდა. ეს აზრი ხელისუფლებისგან მოდის და ამ აზრს ისინი სთესავენ, რომ თითქოს ჩვენ რაღაც დესტაბილიზაციას გვეგმავთ. ეს არაა მართალი. ამ ქვეყანაში ვინმეს თუ არეულობა აწყობს ეს მიშა სააკაშვილი და მისი გუნდია და არა „ქართული ოცნება“. „ქართულ ოცნებას“ არჩევნებამდე მისვლა აბსოლუტურად მოწესრიგებულად დ ორგანიზებულად სურს. აუცილებელია ხელისუფლებამ მოსახლეობას თავისუფალი არჩევნების საშუალება მისცენ და საარჩევნო ყუთთან დანარჩენს, ხალხი გადაწყვეტს.