ამ წუთებში საინფორმაციო სააგენტო "ინფო9"-ის ოფისთან დგანან დაცვის თანამშრომლები, ოპერატორებს და ჟურნალისტებს არ აძლევენ მუშაობის უფლებას. გადაადგილება აკრძალულია სხვა მედია საშუალებებისთვისაც. „ინფო9“-ის ხელმძღვანელი ლუბა ელიაშვილი From.ge-sთან საუბარში აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება და „ქართუ ჯგუფისა“ და „ქართუ ბანკის“ ახალი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სააგენტოს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.
„პოლიცია შენობაში თანამშრომლებს არ უშვებს, არც მათ ვისაც დირექტორმა საშვი გამოუწერა და მუშაობაში ხელს გვშლიან. ისინი ზედმეტ უფლებებს იღებენ თავისთავზე, შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ მედიასაშუალებებს, რომლებიც კამერებით არიან მოსულები. პოლიცია იღებს გადაწყვეტილებას ვინ შევიდეს შენობაში და ვინ არა. პოლიცია „ქართუ ჯგუფისა“ და „ქართუ ბანკის“ ახალი ხელმძღვანელობის ბრძანებებს ასრულებს, რაც არავითარ კავშირში არ არის „ინფო9“-ის ფუნქციონირებასთან, რადგან ჩვენ შენობის უბრალო არენდატორები ვართ და ამის უფლება დაცვის პოლიციას არ გააჩნია“,-აცხადებს ელიაშვილი.