კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ კარალეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე საჯარო მოხელეების უმკაცრეს დასჯას ითხოვს. ამის შესახებ „არჩევანი თავისუფლებისთვის“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც from.ge უცვლელად გთავაზობთ.
„კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წევრები შეშფოთებას გამოვთქვამთ 12 ივლისს კარალეთის დევნილთა დასახლებაში ხელისუფლების მხარდამჭერებსა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგნლებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ პარლამენტარ ბადრი ბასიშვილთან დაახლოებული საჯარო მოხელეები. მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეომასალებიდან ნათლად ჩანს, რომ დაპირისპირებაში ყველაზე მეტად სწორედ საჯარო მოსამსახურეები აქტიურობდნენ. გამოკვეთილი აგრესიით კი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი ლევან მაისურაძე გამოირჩეოდა, რომელიც, თანმხლებ მამაკაცთან ერთად, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს, ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილს დაესხა თავს. გავრცელებული ვიდეოკადრებიდან გაარკვევით ჩანს, რომ მაისურაძემ და მისმა თანმხლებლებმა საბა წიწიკაშვილი ძირს დააგდეს და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მანამ, სანამ მათ ჟურნალისტი ხალხმა არ გამოგლიჯა. წიწიკაშვილის განცხადებით, მაისურაძის გარდა, მის ცემაში მონაწილეობდნენ გიგი და გოგიტა გოჩაშვილები, რომლებიც, ასევე, საჯარო მოსამსახურეები არიან.
საჯარო მოხელეები და პარლამენტარ ბასიშვილთან დაახლოებული პირები, ასევე, ფიზიკურად გაუსწორდნენ ”ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, ხოლო უკან გამობრუნებულ აქციის მონაწილეებს ქვები დაუშინეს, დაამტვრიეს მათი კუთვნილი ავტომანქანები.
მოძალადეების განსაკუთრებული აგრესიის მსხვერპლნი გახდნენ ჟურნალისტები. ინციდენტისას დაშავდნენ სააგენტო „ინფო-9“–ის წარმომადგენლები - თამთა ილურიძე, ეკა ილურიძე, შორენა ხაბალაშვილი, რეზო ნადირაძე და ლექსო ალექსიძე, „მე-9 არხის“ ჟურნალისტები - ნუკრი ბეგლარაშვილი და ნოდარ სხირტლაძე, ტელეკომპანია „თრიალეთის“ წარმომადგენლები - ნინო ბოლაშვილი და მამუკა ქევხიშვილი და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი. დაზიანდა ჟურნალისტების კუთვნილი ტექნიკაც.
როგორც დაზარალებულთა ადვოკატებისგან გახდა ცნობილი, კლინიკაში მობილიზებულმა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ექიმებზე ზეწოლა განახორციელეს, რის შემდეგაც დაზარალებულები საავადმყოფოდან ფორმა N100-ის გარეშე გაწერეს.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კარალეთის ინციდენტითა და სხვა ამგვარი ფაქტებით ქვეყანა ნორმალურ საარჩევნო პროცესს თანდათან სცილდება და მაქსიმალურად ძაბავს ვითარებას. არავის, მით უფრო, საჯარო მოხელეს, არ აქვს უფლება, ხელი შეუშალოს რომელიმე პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრების ჩატარებას მოსახლეობასთან.
ბოლო დღეებში კარალეთსა და შიდა ქართლის რეგიონში კოალიცია ”ქართული ოცნების” მოსახლეობასთან გამართულ სხვა შეხვედრებზე მომხდარი ინიციდენტები, ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, რომლებშიც, მათ შორის, მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის აქტივისტები, არის საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევა და სისხლის სამართლის დანაშაული.
კოალიციის წევრები მოვუწოდებთ
შესაბამის ორგანოებს, კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს ინციდენტში მონაწილე იდენტიფიცირებული საჯარო მოხელეები, რათა მომავალში მაინც თავიდან ავიცილოთ სხვა მოხელეთა ანალოგიური ქმედება;
ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყოს ყველა პოლიტიკური ძალის უფლება, უსაფრთხო გარემოში გამართოს წინასაარჩევნო შეხვედრები;
”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და ყველა სხვა პოლიტიკურ ძალას, არ დაუშვას საკუთარი აქტივისტების მხრიდან კონკურენტი პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო აქციებზე დაპირისპირებების პროვოცირება;
წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვლენებია ამგვარმა განვითარებამ შესაძლოა საარჩევნო პროცესის სრული პარალიზება გამოიწვიოს“,- ნათქვამია კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ მიერ გავეცელებულ განცხადებაში.