გორის სამხედრო ნაწილში 19 წლის კობა მახარაშვილი გარდაიცვალა

გორის სამხედრო ნაწილში 19 წლის კობა მახარაშვილი გარდაიცვალა

გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში გუშინ 19 წლის კობა მახარაშვილი ჩამოასვენეს. გარდაცვლილი გორის სამხედრო ნაწილში მსახურობდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, ჯარისკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვია პირში აქვს ნასროლი და კეფა აქვს განგრეული. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ჯარისკაცმა მშობლებს სხვა სამხედრო ნაწილში გადაყვანა სთხოვა.

როგორც გარდაცვლილის მეზობლები აცხადებენ, „ზოგი ამბობს მოკლესო, ზოგი ამბობს თავი მოიკლაო, რა მოხდა არავინ იცის“.

გარდაცვლილი ჯარისკაცის მამა შალვა მახარაშვილი მომხდარის ვერსიებზე არ საუბრობს. „გუშინწინ, 21:30 საათზე მოხდა ეს ამბავი, სხვა არაფერი ვიცი. რა მოხდა არავინ იცის, ვერ გეტყვით თვითმკვლელობა იყო თუ მკვლელობა. ბოლოს ერთი თვის წინ ვნახე შვილი, აქ იყო ჩამოსული, არაფერი უთქვამს თუ ვინმესთან კონფლიქტი და დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ჯარში. ექსპერტიზა ჩაუტარდა უკვე და ალბათ გამოძიება დაადგენს ყველაფერს, მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. ეს არის, რაც ვიცი“, - აცხადებს გარდაცვლილის მამა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, სამხედრო პოლიცია გარდაცვლილის ოჯახის წევრებზე ზეწოლას ახორციელებს, რომ გარდაცვალების ფაქტზე არ ისაუბრონ, რის გამოც ისინი ჟურნალისტებთან ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ და გადაღებაზე უარს ამბობენ. გარდაცვლილ ჯარისკაცს 3 ძმა დარჩა, უფროსი – 20 წლის და ორი მცირეწლოვანი ძმა.

ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას სამხედრო პოლიცია აწარმოებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში კომენტარი არ გააკეთეს.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო პოლიციას ამ დრომდე არ გამოუძიებია ჯარისკაცების ლევან სონღულაშვილის, ლევან ნათათრალაშვილის და გიორგი მუმლაძის გარდაცვალების ფაქტები.

ქუთაისის მესამე ბრიგადის ჯარისკაცი ლევან სონღულაშვილი 2007 წელს გარდაიცვალა. სამხედრო პოლიციის ვერსიით, სონღულაშვილმა თავი მოიკლა, რასაც კატეგორიულად უარყოფდნენ გარდაცვლილის ახლობლები. მათი თქმით, სონღულაშვილი გარდაცვალებამდე სასტიკად იყო ნაცემი და ტყვიით იყო მოკლული, რომელიც მას ზურგიდან ჰქონდა ნასროლი. ამავე წლის 13 ივლისს, ზემო აფხაზეთში, სამშვიდობო მისიის შესასრულებლად გაწვეული კიდევ ერთი ჯარისკაცი 21 წლის ლევან ნათათრალაშვილი გარდაიცვალა. მანამდე თავდაცვის სამინისტროს უფლისციხის სამხედრო ნაწილში გაუფრთხილებლობით იქნა მოკლული 19 წლის გიორგი მუმლაძე.