ზვიად ძიძგური: ხელისუფლებას ოპონენტის წინააღმდეგ, მხოლოდ კრუნჩხვითი მოძრაობები დარჩა

ზვიად ძიძგური: ხელისუფლებას ოპონენტის წინააღმდეგ, მხოლოდ კრუნჩხვითი მოძრაობები დარჩა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის,  „კონსერვატიული პარტიის“  ლიდერის ზვიად ძიძიგურის შეფასებით, კარალეთში მომხდარი ინციდენტი ადასტურებს, რომ ხელისუფლებას ოპონენტის წინააღმდეგ, მხოლოდ კრუნჩხვითი მოძრაობები დარჩა.

„რასაც ხელისუფლება კარალეთში აკეთებს ეს ადასტურებს, რომ მათ ხელისუფლებაში ყოფნის ძალიან ცოტა დრო დარჩათ. კარგად გვახსოვს, როცა კომუნისტური ხელისუფლება თავის საქმიანობას  ამთავრებდა,  ეროვნული მოძრაობის ლიდერებსა და წარმომადგენლებს მსგავს წინააღმდეგობას  უწევდნენ.  ასევე იყო შევარდნაძის ხელისუფლება, გავიხსენოთ  ბოლნისის და სხვა ინციდენტები,  სადაც პოლიტიკურ ოპონენენტს  ქვების სროლით უმასპინძლდებოდნენ.  ეს ადასტურებს იმას, რომ დღევანდელ  ხელისუფლებას  პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ, მხოლოდ კრუნჩხვითი  მოძრაობები დარჩა“, - განაცხადა ძიძიგურმა.

რაც შეეხება მოსალოდნელია თუ არა მსგავსი ინციდენტი გორში დაანონსებულ „ქართული ოცნების“ აქციაზე, ძიძიგური ფიქრობს, რომ  ამ ღონისძიებაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

 „ისინი თვითონ დააფიქსირებენ,  რამდენად გვაძლევს საშუალებას ხელისუფლება,  როგორც მთავარ პოლიტიკურ ოპონენტსა და კონკურენტს ჩვენი პოლიტიკური საქმიანობა გავშალოთ და  საქართველოს მოსახლეობასთან  შეხვედრები მოვაწყოთ“, - განაცხადა ძიძიგურმა.

ასევე მისი თქმით, კოალიციის წარმომადგენლები მაქსიმალურად შეეცდებიან, კოალიციის ლიდერის და მისი წევრების მოსახლეობის შეხვედრა მაქსიმალურად დაცული იყოს.

ძიძიგური კარალეთში მომხდარი ინციდენტის გათვალისწინებით, გორში დაანონსებულ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციის თარიღის გადახედვას გამორიცხავს და აცხადებს, რომ  კოალიციის ღონისძიება ზუსტად დანიშნულ დროსა და ადგილს გაიმართება.

„არც თარიღი შეიცვლება და არც ადგილი.  ჩვენ ამ ღონისძიებას ჩავატარებთ და  დარწმუნებული ვარ,  ხალხმრავალი ღონისძიება  გვექნება“, - განაცხადა ძიძიგურმა.