"ქართუ ჯგუფისა" და "პროგრეს ბანკის" აქციების ახლად დანიშნული დროებითი მმართველი ვლადიმერ უგულავა "ქართუ ბანკის" ახალი დირექტორატის წევრებს და "ქართუ ჯგუფში" შემავალი კომპანიების თანამშრომლებს ხვდება.
როგორც ქართუ ჯგუფის გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი აცხადებს, ვლადიმერ უგულავამ ის და მთელი დირექტორატი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
,ახლ მმართველს ველოდებოდით, მაგრამ არ გამოჩენილია. ფოსტით მოგვივიდა სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებები სხდომის ოქმებზე, რომლის მიხედვითაც, გათავისუფლებული ვარ ,,ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტის პოსტიდან და განთავისუფლებულია და მთელი დირექტორატი ბანკ ,,ქართუში", განაცხადა ჯავახიშვილმა.
როგორც ვლადიმერ უგულავამ შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა გაცნობითი ხასიათისაა, რადგან შეცვლილია მმართველი გუნდი. მათ შესახებ ცნობილი მომავალი კვირიდან გახდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ქართუ ჯგუფის" აქციათა 100%-ისა და პროგრეს ბანკის აქციათა 21.71%-ის იძულებით მმართველად ვლადიმერ უგულავა დაინიშნა.
"2012 წლის 12 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობა სს ,,ქართუ ჯგუფი"-ს აქციათა 100%-ის და სს ,,პროგრეს ბანკი"-ს აქციათა 21,71450%-ის მმართველის დანიშვნის თაობაზე. აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების მმართველად, პროფესიული და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით დაინიშნა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი ვლადიმერ უგულავა", - ნათქვამია აღსრულების ბიუროს განცხადებაში.