დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ქრისტეს კვართს მოიხსენიებენ, 13 ივლისს კი - ქრისტეს ყველა მოციქულს.
12 მოციქულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას ასრულებს .
ტაძარში მალე წმინდა სახარებიდან ადგილს წაიკითხავენ, სადაც უფლის მიერ 12 მოციქულის გამორჩევის შესახებ არის საუბარი. წირვის დასრულების შემდეგ ტაძარში წმინდა ზიარების საიდუმლოც შესრულდება, კათოლიკოს პატრიარქი კი მრევლს ტრადიციულად ქადაგებით მიმართავს და დღესასწაულს მიულოცავს.
სვეტიცხოვლის მონასტრის ტერიტორიაზე დაცვის განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ტაძარში, სავარაუდოდ, პრეზიდენტიც მივა. ტერიტორიაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან და მონასტრის ტერიტორიაზე შემსვლელთა შემოწმება ხდება. თავად ტაძარში გადაღობილი ადგილებია და მომლოცველებს მხოლოდ იქ შეუძლიათ დგომა.
ცნობები ამ დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოგვეპოვება. კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა - პეტრესი, ანდრიასი, იაკობ ზებედესი, იოანესი, ფილიპესი, ბართლომესი, თომასი, მათესი, იაკობ ალფესისა, იუდა-იაკობის (თადეოზისა), სვიმონ მოშურნესი და მატათასი - უძველესი დღესასწაულია. ეკლესიას ჭეშმარიტების ამ ქადაგთაგან თითოეულის ღვაწლის მოსაგონებლად საგანგებო დღე აქვს დაწესებული, მაგრამ პეტრეპავლობის მომდევნო დღეს ყველა მათგანს ერთად იხსენიებს.