პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის კახი კალაძის განცხადებით, კარალეთში მომხდარი ფაქტი, პირველი შემთხვევა არაა და რომ მსგავსი სურათი კოალიციას სხვა დღეებშიც ჰქონდა. შესაბამისად, კალაძე აცხადებს, რომ „ხელისუფლებას სურს, კოალიცია ტალახით დასვაროს, მაგრამ ხალხში დიდი მუხტია და ყველას აქვს სურვილი „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯოს“.
„ერთი კვირაა, დავდივარ და ქართლის მოსახლეობასთან შეხვედრები მაქვს. მინდა, გითხრათ, რომ ყველგან, სადაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ლიდერები მიდიოდნენ ერთი და იგივე სურათი იყო. სოფლის შესასვლელში რამდენიმე ნასვამი ახალგაზრდა გვხვდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებთან ერთად და იყო მოთხოვნა, რომ ჩვენ სოფელში არ შევსულიყავით, მოსახლეობას არ გავსაუბრებოდით, არ მიგვეწოდებინა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გეგმები აქვს „ქართულ ოცნებას“ გამარჯვების შემთხვევაში“,- განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, დეპუტატ ბადრი ბასიშვილის ყველა განცხადება თითქოს, „ქართული ოცნების“ წევრები იწევდნენ ხალხის წინააღმდეგ, აბსურდია.
კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ კოალიცია არავის არ ებრძვის, უბრალოდ სურთ სიმართლე თქვან. „ყველამ კარგად იცის, რა წარსული აქვს მას, როგორი დაჯგუფებები ჰყავს. ჩვენთან ერთად ახალგაზრდული ფრთაც იმყოფებოდა და როგორც კი მოსახლეობასთან გასაუბრება დავაპირეთ, მაშინვე გავიყავით ორ ნაწილად, ზუსტად ამ დროს გაჩერდა ავტობუსი, საიდანაც დაახლოებით 10 ქალბატონი გადმოვიდა, ეს ქალბატონები გამოემართნენ ახალგაზრდებისკენ და სწორედ იქ ატყდა ჩოჩქოლი. ყველას გააჩნია საკუთარი აზრი, მაგრამ არავის აქვს უფლება გზა გადაუკეტოს სხვებს. ჩვენ არავის ვებრძვით, უბრალოდ გვინდოდა ჩვენი სათქმელი გვეთქვა. ინფორმაციის დიდი ვაკუუმია რაიონებში. ხალხი მოდიოდა და გვთხოვდა ამ ადამიანებისგან გაგვათავისუფლეთო. ბასიშვილის დაჯგუფება ძალიან კარგად მუშაობს, სკოლის დირექტორებს ამუშავებენ იმაზე, რომ რეპრესიები განახორციელონ. ხელისუფლება თავის პროპაგანდას აგრძელებს, უნდა ტალახით დასვაროს კოალიცია, მაგრამ ხალხში დიდი მუხტია და ყველას აქვს სურვილი „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვოს. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ისეთივე მშვიდ გარემოში ჩატარდეს აქცია გორშიც, როგორც ეს დანარჩენ შემთხვევაში იყო“, - განაცხადა კალაძემ.