პარტია "სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის" ლიდერი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოსთვის ძალიან საშიშ და საგანგაშო პოლიტიკას ეწევა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს სახელისუფლება დაქირავებული ლობისტების მეშვეობით, საქართველოს შესახებ ავრცელებს ისეთ ინფორმაციას, თითქოს საქართველო შოვინისტების, ჩამორჩენილების, საბჭოთა მენტალობის და უმცირესობების მჩაგვრელი ადამიანების ქვეყანაა.
„ამით ხელისუფლებას სურს, რომ იმ ადამიანებს, ვინც ჯერ კიდევ მათ მხარს უჭერს, თავი ისე მოაჩვენონ, როგორც ერთადერთი პროგრესული ძალა, რომელსაც ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია. ეს არის ძალიან საშიში ტენდენცია. როგორც არ მოერიდა ხელისუფლება, რომ საკუთარი ძალაუფლების გადასარჩენად ქვეყნის ტერიტორიები გაეწირა, ასევე არ ერიდება იმას, რომ საქართველოს სახელს და ისტორიას გადაუაროს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
მისივე თქმით, საშიშია ხელისფლების პოლიტიკა ქვეყნის შიგნითაც, კერძოდ, როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, უცხოეთიდან დანახული თვალით კარგად ჩანს, როგორ მიმდინარეობს საქართველოში ანტიდასავლური განწყობების პროვოცირება, ისეთი სურათის შექმნა, თითქოს დასავლეთი ქართული ფასეულობებისა და ღირებულებების მტერია, რომელიც მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას უჭერენ მხარს. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების .
„საქართველოს დასავლურობა არ არის იმისთვის, რომ ვიღაცას მოვეწონოთ და ვიღაცამ მხარი დაგვიჭიროს. ეს არის ჩვენი წარსული, ჩვენი ისტორია და ჩვენი მომავალი. სხვა ალტერნატივა საქართველოს არ გააჩნია. ჩვენ ეს კარგად უნდა შევიგნოთ და დავანებოთ თავი ისეთ მიდგომას, რომ ვიღაცამ მხარი არ დაგვიჭირა, რომ რომელიღაც ელჩმა რაღაც ისე არ თქვა და ა.შ. ელჩები თავის საქმეს აკეთებენ. დღევანდელ მსოფლიოში, მე მგონი ჩემზე კარგად ეს არავინ იცის, ბოლომდე მხარს უჭერენ მუბარაქებს და სხვებს, სანამ ისინი ხელისუფლებაში არიან, და სანამ ხალხის ნების გამოხატვის შედეგად არ გამოჩნდება, რომ სხვას უნდა დაუჭირონ მხარი. ეს არის დღევანდელი ცივილიზებული სამყაროს წესი“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერი, სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს, თუმცა „ქართული ოცნების“ სახელით მაჟორიტარ კანდიდატად კენჭს არ აპირებს. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ამჯერად დროებით არის ჩამოსული და კვირას დილით ისევ დატოვებს საქართველოს.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე, ბევრ რამეზე შეთანხმდნენ. მართალია, ის მაჟორიტარად კენჭისყრას არ აპირებს, მაგრამ „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სახელმწიფოებრივ სამსახურში აუცილებლად ჩადგება.