რეგიონული საინფორმაციო ცენტრები გორის რაიონის სოფელ კარალეთში ჟურნალისტების ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც from.ge უცვლელად გთავაზობთ.
"რეგიონული საინფორმაციო ცენტრები ვგმობთ გორის რაიონის სოფელ კარალეთში ჟურნალისტების ცემის ფაქტს და მოვითხოვთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყოს მომხდარზე გამოძიება და დააკავონ ის პირები, ვინც ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. კარალეთში სოფლის რწმუნებულმა და ბადრი ბასიშვილთან დაახლოებულმა პირებმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი საბა წიწიკაშვილი და სააგენტო "ინფო9"–ის ჟურნალისტები ლექსო ალექსიძე და რეზო ნადირაძე ცემეს, მათ სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აქვთ მიღებული, აღენიშნებათ თავბრუსხვევა და ტკივილი სხვადასხვა არეში.
მოვუწოდებთ საქართველოს სახალხო დამცველს, ადგილობრივ და საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებს, სასწრაფო რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ ფაქტებზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გორის რაიონის სოფელ კარალეთში "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა "ქართული ოცნების" აქტივისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მათ შორის ჟურნალისტებიც. დაშავებულები გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს.