პროკურატურა

პროკურატურა "მაესტროსთან" დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

 მთავარი პროკურატურა ტელეკომპანია “მაესტროსთან” დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

 "მიმდინარე წლის 20 ივნისს, "ქართული ოცნების" სახელით და მისთვის არჩევნებზე მხარდაჭერის პირობით, პრაქტიკულად უსასყიდლოდ, სატელიტური ანტენების დარიგების გამო, ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ დააყადაღა "ელიტა-ბურჯისა" და სხვა კომპანიების საწყობში არსებული დასარიგებლად გამზადებული ანტენები.

 მიუხედავად დანაშაულის პრევენციის მიზნით გატარებული ამ ზომებისა, გამოძიებას აქვს საკმარისი მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც შპს "მაესტრომ", პოლიტიკურ კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანიების-შპს "ელიტა ბურჯის" წარმომადგენელთა მითითებით, თვალთმაქცური გარიგების გზით,საქართველოში შემოიტანა ათასობით სატელიტური ანტენა, რომელიც უნდა დარიგებულიყო "ქართული ოცნების" სასარგებლოდ, ამომრჩეველთა მოსყიდვის მიზნით, შპს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მიერ უკვე აპრობირებული სქემით.

 მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნებისთვის" სატელიტური ანტენების იმპორტს თვალთმაქცური გარიგებების მეშვეობით ახორციელებს შპს "მაესტრო", რომელმაც ჩაანაცვლა შპს "ელიტა ბურჯი" და სხვა კომპანიები.

 გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციით, სატელიტური ანტენების რეალური მესაკუთრის დაფარვის მიზნით შპს "ელიტა ბურჯი" მზად იყო ანტენების ეტიკეტების ხელახლა დასამზადებლად და შესაფუთად გადაეხადა რამდენიმე ასეული ათასი ამერიკული დოლარი, რათა არ გამჟღავნებულიყო რეალური მესაკუთრის, ანუ "ელიტა ბურჯის" და "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" შესახებ მონაცემები.

 აღნიშნული სქემის განხორციელება სრულად ვერ მოხერხდა და ტვირთის ნაწილი, რომელიც საბაჟო დოკუმენტების მიხედვით "მაესტროს" საკუთრებაა, ეტიკეტების მიხედვით ისევ "გლობალ კონტაქტ კონსალტინგს" ეკუთვნის. საბაჟოსთვის მიწოდებული დოკუმენტების მიხედვით "მაესტროს" მიმწოდებელი არის იგივე თურქული კომპანია, რომელმაც ანტენების შპს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგს" მიაწოდა.

გამოძიების მიხედვით ასევე დასტურდება, რომ განბაჟების პროცესს ახორციელებდა შპს "ელიტა ბურჯის" რამდენიმე წარმომადგენელი და არა შპს "მაესტროს" შესაბამისი პირი, რაც დამატებით ადასტურებს გარიგებების თვალთმაქცობას.

 ნათელია, რომ მთელ ამ პროცესს ხელმძღვანელობდა არა შპს "მაესტრო", არამედ შპს "ელიტა ბურჯი". სწორედ ამიტომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული პროცედურის დაცვით, საქართველოს პროკურატურამ დააყადაღა სატელიტური ანტენები თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.