სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დღეს პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საპატრიარქო ტაძარში გამართულ სადღესასწაულო წირვაზე ქართულ პოლიტიკურ წრეებს კორექტულობისკენ მოუწოდა.
„მე თქვენდამი დიდი პატივისცემით მინდა გთხოვოთ, ერთსაც და მეორე მხარესაც, რომ არავითარ შემთხვევაში შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენოთ ერთმანეთს, ტალახი არ შეასხათ ერთმანეთს“,- ბრძანა პატრიარქმა.
უწმინდესმა აღნიშნა, რომ ახლა საქართველოში რთული პერიოდი გვიდგას, რადგან ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ვერ უგებენ და პეტრე და პავლეს მოციქულების ისტორიაც გაიხსენა.
“ასეთი შემთხვევა ჩვენს ცხოვრებაშიც ხდება. ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი ვერ უგებს მეორეს. გონება მათი დახშულია, სულ სხვანაირად მსჯელობენ და ფიქრობენ. არის შემთხვევა, როდესაც ადამიანი ლაპარაკობს და თვითონვე წინასწარ იცის და ხვდება, რომ ლაპარაკობს არა სიმართლეს, არამედ ტყუილს. ხოლო ვისაც ელაპარაკება, ისიც ხვდება, რომ ეს არ არის სიმართლე, მაგრამ თქმა არ შეუძლია, რადგან შეპყრობილია შიშისაგან. ჩვენ ასეთი რთული პერიოდი გვიდგას“, - აღნიშნა პატრიარქმა.
ილია მეორემ მრევლს მოუწოდა, რომ ერთმანეთისთვის ტალახის სროლიკენ თავი უნდა შეიკავონ და ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენონ, ოქტომბერში კი მთელ მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მაღალი კულტურის ერი ვართ.
"შეგიძლიათ ბევრი ილაპარაკოთ პროგრამაზე, კონცეფციაზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ესროლოთ ერთმანეთს ტალახი. საქართველოში რთული პერიოდი გველოდება. ოქტომბერში ხალხი საპარლამენტო არჩევნებზე უნდა გავიდეს და ხმა მისცეს. დგება ის დრო, როდესაც შესაძლოა, ადამიანს შეურაცხყოფაც კი მიაყენონ, ტალახი ესროლონ ერთმანეთს. მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, შეურაცხყოფა არ მიაყენოთ ერთმანეთს, არ უნდა გაბედოთ, არ უნდა იკადროთ ისეთი სიტყვების თქმა, რომლისაც შემდეგ შეგრცხვებათ", - ბრძანა უწმინდესმა
„ღმერთი მოგვცემს მშვიდობას და სულთა ჩვენთა დიდსა წყალობას“,-დალოცა პატრიარქმა ერი.