ამ წუთებში პარლამენტის მისაღებში 40-მდე დევნილი და ე.წ "ასტუპნიკია" შეკრებილი. აქციის მონაწილეები იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილთან ითხოვენ შეხვედრას. დევნილების განცხადებით, მათ რამდენიმე თვის წინ განცხადება შეიტანეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის სახელზე და მათთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა შეხვედრა ვერ შედგა.
პარლამენტის შენობაში აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილე ერთ-ერთი შუახნის ქალბატონი ცუდად გახდა. იგი პარლამენტის საზოგადოებრივ მისაღებში შეიყვანეს და სასწრაფო დახმარებაც გამოიძახეს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზტორი გიორგი ლაღიძე ამ წუთას საქმის წარმოების დეპარტამენტის მოქალაქეთა მისაღებში იმყოფება და არკვევს დევნილებისა და „ასტუპნიკების“ რამდენიმე თვის წინ პარლამენტში გაგზავნილ წერილთან დაკავშირებულ დეტალებს.
ქაიროს ქუჩის 21 ნომერში მცხოვრები დევნილის განცხადებით, სახელმწიფომ ისინი მოატყუა და ბინის გარეშე დატოვა.
„მოვიდნენ დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები, გამოგვიყვანეს „ტრსანსმშენის“ შენობიდან,შეგვპირდნენ, რომ ბინების გარემონტების შემდეგ ისევ შეგვაბრუნებდნენ, მაგრამ მოგვატყუეს და ბინის გარეშე დატოვეს. ახლა ქირით ვცხოვრობთ“,-აცხადებს From.ge-სთან საუბარში მოქალაქე.