შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, სოფელ ახალდაბის მკვიდრი გიორგი კარელიძე დააკავეს. „სააგენტო "ინფო 9"-ის ოპერატორთან შელაპარაკების გამო გიორგი კარელიძე 100 ლარით დააჯარიმეს“,- ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში,რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"სააგენტო "ინფო 9"-ის ინტერნეტ საიტის დათვალიერებისას დადგინდა, რომ სოფელ ახალდაბაში ტელეკომპანია ინფო 9-ის ოპერატორსა და ერთერთ ადგილობრივ მკვიდრ გიორგი კარელიძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც კარელიძემ ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ვიდეო-კამერაზე ხელი მიარტყა, რითაც მან წვრილმანი ხულიგნობა ჩაიდინა, გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით.
აღნიშნულიდან გამომდინარე შსს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლების მიერ გიორგი კარელიძე დაკავებულ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, წვრილმანი ხულიგნობისთვის, რის შემდეგაც გადაყვანილ იქნა გორის რაიონულ სასამართლოში, სადაც იგი აღნიშნული სამართალდარღვევისთვის დაჯარიმდა ადმინისტრაციული წესით 100 ლარის ოდენობით", - აღნიშნულია განცხადებაში.