გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი ის კანტორა იყო, სადაც მისი თანამშრომლები არაფრის კეთებაში მასზე 3 ჯე მეტ ხელფასს იღებდნენ.
მიმინოშვილის განცხადებით, ვერაფრით ხსნის, რატომ დასახელდა ასეთი უცნაურად დიდი ხელფასები, რომელთაც რეალურთან საერთო არ აქვს. ამასთან დაკავშირებით, მიმინოშვილმა დღეს საგანგებო განცხადება საკუთარ facebook-ის გვერდზე გაავრცელა.
განცხადებას From.ge უცვლელად გთვაზობთ:
„უკანსაკნელი ნახევარი საათის განმავლობაში უამრავმა ჟურნალისტმა დამირეკა კომენტარისათვის. განათლების მინისტრის წარდგენისას გაკეთებულ შეფასებაზე მთხოვეს აზრის გამოთქმა. ეს ყოველივე მხოლოდ ჩემი მისამართით რომ ყოფილიყო ნათქვამი, თავს შევიკავებდი, მაგრამ უსამართლოდ და დაუმსახურებლად შეურაცხყოფილი კოლეგების გამო, ვალდებული ვარ, ბრალდებებს განმარტებით ვუპასუხო: 1. ერთიანი ეროვნული გამოცდების იდეა გამოცდების ეროვნულ ცენტრში ალეკო კარტოზიას მინისტრობისას გაჩნდა. მაშინ შეიქმნა პირველი პროექტი. რეალობად ქცევა კი უდავოდ ამ ხელისუფლების დამსახურებაა, რასაც ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავდი. გაჩნდა პოლიტიკური ნება გატარებულიყო ასეთი რეფორმა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მისაღები გამოცდების ქართული მოდელი შექმნა და დანერგა.
2. წელს არ გახლავთ პირველი წელი, როდესაც სამინისტროს მიერ შექმნილი კომისია ადასტურებს, რომ საგამოცდო პროგრამები სასწავლო გეგმებთან სრულ შესაბამისობაშია, თუმცა არც მანამდე სცდებოდა ამ ფარგლებს.
3. ეს არ იყო გამოცდები პრივილეგირებულებისათვის – ამაში აბიტურიენტები და და სტუდენტებიც დამეთანხმებიან. ამის შესახებ არაერთხელ უსაუბრია საქართველოს პირველ პირს. ის ამბობდა და სრულიად ვეთანხმები, რომ ამ გამოცდებმა საქართველოს რაიონების, სოფლების მოსწავლეებს გზა გაუხსნა პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლებისაკენ.
4. გარდა მისაღები გამოცდებისა, ცენტრი საატესტატო, სასერტიფიკაციო, სამაგისტრო და სტუდენტთა გამოცდებს ატარებს, ასევე ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას (2011 წლის ბოლომდე საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებს) კიდევ რამდენიმე აქტივობას, აღარაფერს ვამბობ საცდელ ტესტირებებზე. ეს ყველაფერი ყოველდღიურ, უმძიმეს შრომას მოითხოვს 12 თვის განმავლობაში! ისე, ვერაფრით ვხსნი, რატომ დასახელდა ასეთი უცნაურად დიდი ხელფასები, რომელთაც რეალურთან საერთო არ აქვს... და ბოლოს, თხოვნით მივმართავ ყველას, პირველ რიგში, კი ხელისუფლების წარმომადგენლებს – ნუ მიაყენებენ დაუმსახურებელ შეურაცყოფას ადამიანებს, რომლებმაც მართლაც ბევრი გააკეთეს ამ ქვეყნისთვის, მათ ნაწილს კი ღირსების ორდენი აქვს მიღებული. მერწმუნეთ, ისინი სამსახურიდან წამოსვლის შემდეგაც ამ ქვეყნის სამსახურში დარჩებიან. შევეჩვიე, რომ ჩემს მიმართ ათასი დაუსაბუთებელი ბრალდების წამოყენება პოლიტიკურად მომგებიანია, მაგრამ მორალური უფლება არ მაქვს, მშვიდად ჩემი კოლეგების მისამართით წამოყენებული არარეალური ბრალდებები მივიღო", - აცხადებს მიმინოშვილი.