"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ ყოლბაია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის შესახებ, მიღებულ რეზოლუციის პროექტს პოზიტიურად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს რეზოლუცია კონფლიქტების მოგვარებასთან ერთი ნაბიჯითაც არ გვაახლოებს.
„ამიტომ მე ამ რეზოლუციას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ამას ემატება ისიც, რომ დიდი ნუგეში არაა ის, რომ გასულ წელს რეზოლუციას 14 ქვეყანამ წელს კი, 60 ქვეყანამ დაუჭირა მხარი“, - განაცხადა ყოლბაიამ და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ მიმართულია იქითკენ, რომ ხელისუფლებამ გვაჩვენოს, თუ როგორ მუშაობენ რეზოლუციასთან და სხვადასხვა ქვეყნებთან მიმართებაში.
ყოლბაიას მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს კარგი რეზოლუციაა, რეალობასთან აბსოლუტურად მოწყვეტილია, რადგან როგორც განმარტავს, ამ რეზოლუციით კონფლიქტებთან დაკავშირებით, რეალური შედეგი მოსალოდნელი არაა.
„ჩვენ ვიცით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები მათ შორის, ის ქვეყნები, რომლებმაც ამ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი აფხაზეთთან მიმართებაში იმ პოლიტიკასთან მუშაობენ, რასაც ჩართულობა არაღიარების ხარჯზე ჰქვია. ამიტომ ეს რეზოლუცია პრაქტიკულად, მეტყველებს იმაზე, რომ სხვა მიმართულებით, რაღაც გარკვეული ყურადღების გადატანა ხდება და კიდევ ერთხელ, ხელისუფლების წინასაარჩევნო პიარ-კამპანიას ემსახურება“, - განაცხადა ყოლბაიამ.
შეკითხვის პასუხად „რეზოლუციის ის ფორმულირებები, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და რომ დევნილებს აქვთ უფლება დაბრუნდნენ, მხოლოდ პიარ-კამპანიად შეიძლება განიხილოს“ აცხადებს, რომ თუ საერთაშორისო ორგანიზაცია იტყვის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორია არაა, მაშინ ტრაგედიასთან გვექნება საქმე.
„მაგრამ აღიარებაში ახალი არაფერია. გაეროს 50 რეზოლუცია აქვს მიღებული და ის პოსტულატი, რომ აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს ტერიტორიაა ეს უცვლელია. მადლობა ამისათვის მათ, მაგრამ კონფლიქტის მოგვარებასთან ამ პოსტულატს კავშირი არ აქვს. კონფლიქტი რჩება იქ, სადაცაა“, - განაცხადა ყოლბაიამ.
მისივე თქმით, რუსულ მხარეს ყველაფერი, რაც აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთანაა დაკავშირებული აღიზიანებს და გაეროს ამ რეზოლუციაში ამ ფორმულირებებზე მათი გაღიზიანებაც გასაკვირი არაა.
„რუსეთი ყოველთვის გაღიზიანებული იქნება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ კონფლიქტის მოგვარებაში, რაღაც ნაბიჯების წინ გადადგმას მოველით. ეს რეზოლუცია კარგია, მაგრამ კონფლიქტის მოგვარების გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯი არაა“, - განაცხადა ყოლბაიამ.