"შსს-ს თანამშრომლებმა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან ერთად, არა მხოლოდ საქართველოს პოლიციის ისტორიაში, არამედ საერთოდ მსოფლიო სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის, ეპოქა შექმნეს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შს სამინსიტროში ახალი მინისტრის, ბაჩო ახალაიას წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ახალ მინისტრს ჰყავს როგორც ბევრი მომხრე, ასევე კონკრეტული მიზეზების გამო ბევრი მტერიც.
„როდესაც ჩვენ ის დავნიშნეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელად, ერთმა ჩემმა მეგობარმა და ჩვენი მთავრობის მხურვალე მომხრემ დამირეკა და მითხრა, რომ მგონი ცუდად მიდის ჩვენი საქმე, 26 წლის ბიჭი ამას ვერ გაქაჩავსო. გაქაჩა და ძალიან კარგადაც გაქაჩა“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მან მოახერხა ძალადობის შეწყვეტა. მთელი საბჭოთა კავშირის ყოფილ ტერიტორიაზე სალაპარაკოა როგორ ხვეტავენ ქართველი კანონიერი ქურდები საკნებს. ახალიას რა თქმა უნდა, ბევრი მტერი ჰყავს, რადგან სამწუხაროდ, ციხეში იმაზე მეტი პატიმარია, ვიდრე უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს განპირობებულია ჩვენი დანაშაულის დონით, თუმცა ალტერნატიული სასჯელის სხვა ფორმები უნდა მოვიფიქროთ. რა თქმა უნდა, ამით ბევრი პატიმრის ოჯახის წევრია გამწარებული, ხდება ამ ხალხით მანიპულაცია და ეს მე სულაც არ მიხარია“, - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოში კრიმინალურ სისტემაში პირველი კანონიერი ქურდების დანაშაული, მეორე შრე - ქუჩის დანაშაული, მესამე -ციხიდან დანაშაულის მართვა და მეოთხე - სკოლებში ძალადობა და დანაშაული იყო. რომლის აღმოფხვრაც ახალაიამ კარგად მოახერხა.
მისი თქმით, ევროკავშირის ბოლო სამი წლის კვლევები აჩვენებს, რომ საქართველო ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა.
„ვისაც რა უნდა ის ილაყბოს. ეს არის სიმართლე. ჩვენ ვართ უფრო უსაფრთხო, ვიდრე დანია, საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი. ვისწავლოთ დაფასება თუ რამხელა რამეს მივაღწიეთ“ - აღნიშნა სააკაშვილმა და დასძინა, რომ შეიარაღებულ ძალებთან ერთად პოლიცია ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სახელმწიფო ინსტიტუტია.
სააკაშვილის თქმით, მის ვაჟს ნიუ-იორკში ველოსიპედი მოჰპარეს. „ჩემს შვილს გუშინ ველოსიპედი მოპარეს ნიუ-იორკში და გაოგნებული იყო, იქ კამერებიც აყენია და მაინც მომპარესო. მე ვუთხარი, რომ ეს საქართველოშია, რომ კამერები აყენია და არ იპარავენ და იქ, ამერიკაშიც იპარავენ, ინგლისშიც იპარავენ, საფრანგეთშიც იპარავენ და ა.შ. ვისწავლოთ დაფასება და გვესმოდეს, რამხელა რაღაცას მივაღწიეთ და ეს მართლაც არის თითოეული თქვენგანის დამსახურება," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.