საქართველოს პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობდა, რომ გამოცდები ვერ ჩატარდებოდა, იმედები გაუცრუვდათ.
ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს განათლების სამინისტროში განაცხადა, სადაც თანამშრომლებს ახალი მინისტრი ხატია დეკანოიძე წარუდგინა.
როგორც პრეზიდენტი აცხადებს, მას დიდი იმედი აქვს, რომ ხალხი მის გუნდს ძალიან დიდხანს დაუჭერს მხარს და აღნიშნა, რომ ეს სისტემა იარსებებს დიდხანს,მიუხედავად იმისა, თუ რა ღვარძლი და ამბიცია გაუჩნდებათ არაკეთილისმოსურნეებს.
„ხომ ნახეთ, როგორ ტარდება გამოცდები. აბა, რა გეგონათ? ეს გამოცდები ვიღაცა იმის შექმნილი კი არ არის, მართლა... ეს გამოცდები ჩემი შექმნილია, ჩვენი შექმნილია და ვინც არ უნდა დახტეს, გადმოხტეს, ჩვენი და ჩემი გაკეთებული სისტემაა და სანამ მე ამ ქვეყანაში ვწყვეტ და იმედია, ამაში ხალხი დაგვიჭერს მხარს, ეს სისტემა იფუნქციონირებს, მიუხედავად იმისა, ვის რა ამბიცია და ღვარძლი გაუჩნდება. მაგრამ ზუსტად იმიტომ, რომ ჩემი შექმნილი სისტემაა, მათ შორის, მე დავინახე ამ სისტემის მინუსებიც. კერძოდ ის, რომ რეალურად ერთიანი გამოცდა სკოლისგან განსხვავებული პროგრამით ტარდება, პრობლემა იქნება, რომ ბავშვებს რეპეტიტორები სჭირდებათ და ეს სოციალური უსამართლობაა”, - განაცხადა სააკაშვილმა.