პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოში მედია მონტორინგის პროცესის დააფინანსებაზე დადებითად აფასებს. დღეს დავით ბაქრაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპეის შეხვდა.
ჟურნალისტებთან საუბარში დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე სამი ძირითადი თემა იყო განხილული: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ქართულ-რუსულ ურთიერთობები.
ბაქრაძის თქმით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ძალიან პოზიტიურად ვითარდება და უახლესი ორი წლის განმავლობაში საქართველო ხარისხობრივად და თვისობრივად უფრო ახლოს იქნება ევროკავშირთან, ვიდრე როდესმე ყოფილა.
„შეხვედრაზე მეორე ძირითადი თემა უკავშირდებოდა საქართველოში არსებულ უსაფრთხოების სიტუაციას, ქართულ-რუსულ ურთიერთობებს და იმ განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ევროკავშირის მონიტორინგის მისია ასრულებს საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, – აღნიშნა ბაქრაძემ.
მისივე განმარტებით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადებაზე.
„პოზიცია ორივე მხრიდან იყო იდენტური, აუცილებელია ვითანამშრომლოთ და აუცილებელია ყველაფერი გავაკეთოთ, რომ არჩევნებმა ჩაიაროს დემოკრატიულად და თავისუფლად. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ და ვაფასებთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას დააფინანსოს საქართველოში მიმდინარე მედია-მონტორინგის პროცესი. იმედი გვაქვს, რომ ევროპელი დამკვირვებლები შეძლებისდაგვარად დიდი რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილი, როგორც საარჩევნო კამპანიის პროცესში, ასევე თვითონ არჩევნების დღესაც“, - აღნიშნა ბაქრაძემ.