მოდის სამყაროს „მეტრს“ , ლეგენდარულ კუტიურიესა და სტილის გენიას პიერ კარდენს 90 წელი შეუსრულდა.
პიერ კარდენის ნამდვილი სახელია - პიეტრო კარდინი. „მაღალი მოდის ბაბუა“ მოდის რევოლუციონერი და ყველაზე ცნობილი 5 ფრანგიდან ერთ-ერთია. მისი მოდელები საუკეთესო ჟურნალების გარეკანს უკვე 50 წელზე მეტია ამშვენებენ, ხოლო მისი სახელი კაპიტალის მიხედვით ევროპის საუკეთესო ათეულს ეკუთვნის. მისი მდიდრული პარიზული ოფისი საფრანგეთის პრეზიდენტის სასახლის პირდაპირაა და ამ სახლში, მარინის ქუჩაზე, უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია მუშაობს. პიერ კარდენი ითვლება მოდური ტენდენციის, ერთ-ერთ, განმსაზღვრელად.
1957 წელს მან, მოდელიერებიდან პირველმა, გამოიტანა ხალხში მზა ტანსაცმლის კოლექციის მთელი სერია და ჩვენებები ჰაუსმანის ბულვარზე მოაწყო. მოგვიანებით მანვე მოაწყო რევოლუცია მრავალი მიმართულებით, მოაწყო მოდის ისტორიაში მამაკაცის სამოსის პირველი კოლექცია. შექმნა ავანგარდული სტილი, ვიწრო უსაყელო პიჯაკები, რომლებსაც სიამოვნებით ატარებდნენ „ბითლზები” და დაამკვიდრა ლიცენზირების სისტემა და კარდენის ტანსაცმლის წარმოება დაიწყეს იაპონიაში, ჩინეთსა და საბჭოთა კავშირშიც კი. ჯამში 900 ლიცენზია, მსოფლიოს 140 ქვეყანაში და 200000 ადამიანი, რომელიც „Pierre Cardin”-ის მარკაზე წარმატებულად მუშაობდა.
დღეს პიერ კარდენის ფირმის წლიური ბრუნვა 12 მილიარდს შეადგენს, მოგების თვალსაზრისით ასეთი მიღწევა მოდის სამყაროში ჯერჯერობით მწვერვალია.
ძალიან ბევრი კონსტრუქცია, რომელიც სხვადასხვა დროს მსოფლიოს აღაფრთოვანებდა, სწორედ პიერ კარდენის მოგონილია: სწორი და ქვევით დავიწროებული კაბა-ტომარა, ქვედაკაბა-ტიტა, ჟაკეტი-ბუშტი – თეძოზე ქამრით რომ თავდებოდა, მეტალის სამშვენისები, კრინოლინები ვიწრო კაბებქვეშ და ა. შ.
ლეგენდარულ დიზაინერს მიღებული აქვს ჯილდოები: 1973 წელს Basilica Palladiana Award როგორც ყველაზე წარმატებულ ვენეციელს. 1977 წელს ,,ოქროს სათითე’’ ფრანგული haute-couture-ის ჯილდო როგორც ყველაზე კრეატიული კოლექციის ავტორი. იგივე ჯილდო მან ისევ მიიღო 1979 და 1982 წლებში. 1985 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა მიანიჭა ღირსების ორდენი. 1991 წელს გახდა UNESCO-ს საპატიო ელჩი. 1997 წლის იანვარში მიენიჭა საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო.
პიერ კარდენმა ყველას ის აჩუქა, რაც მათ სჭირდებოდათ: კორეელები „შეაფერადა” (სამხრეთ კორეაში მის კოსმეტიკას უშვებენ); ვიეტნამელებს ფეხზე ჩააცვა, ტაივანელებისთვის სამგზავრო ჩანთები შექმნა, ფრანგებს სინთეტიკური საცვლები ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან შექმნილით შეუცვალა, რუსებს ცნობილი რესტორანი „მაქსიმი“ აჩუქა და ა. შ.
პიერ კარდენი მეგობრობდა ცნობილ რუს ბალერინასთან, მაია პლესეცკაიასთან: „ანა კარენინა”, „ქალი და ძაღლი”, „თოლია” - ყველა ამ სპექტალში ლეგენდარულ ქალბატონს პიერ კარდენის შექმნილი კოსტიუმი ეცვა, ყოველდღიურ გარდერობში და სადღესასწაულო სამოსშიც ხშირად კარდენის ქმნილებები ჰქონდა.
ჟურნალი „Time”-ი წერდა: გონებამახვილმა ფანატიკოსმა შეძლო და მოახერხა ის, რომ მისი სახელი ფაქტიურად ყველაფერს ჰქვია, „რისი მიჭედება, მიწებება, მიკერება, მიბმა, ტირაჟირება თუ ბოთლებში ჩამოსხმა, დახურვა, გახსნა და გამოყენებაც შეიძლება”. კარდენის მარკის პროდუქციას 160 მილიონი ადამიანი იძენს, კარდენის იმპერიის საზღვრების დანახვა საფრანგეთის ყველაზე მაღალი მთიდანაც კი შეუძლებელიაო.
თავად პიერ კარდენი ამბობს, რომ მისი ცხოვრება შედგა: „ბევრი არაა ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია თქვას, ბედნიერი ცხოვრება მაქვსო, მე ეს შემიძლია. ბევრი რამ გამომივიდა. მოვიარე მთელი მსოფლიო. ვაკეთებდი იმას, რაც მინდოდა - მოდაშიც, თეატრშიც და ბიზნესშიც.“