კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ ერთი ლიდერი, ირაკლი ალასანია სენაკის რაიონში სოფელ ახალსოფლის მცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრაზე ალასანიამ ადგილობრივ მოსახლეობას განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის სფეროების ხელშეწყობისა და დასაქმების შესახებ ის პროგრამები გააცნო, რომლის განხორციელებასაც კოალიცია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აპირებს.
ამასთან ალასანიამ კომენტარი პროექტ “კარდაკარის” სენაკის რაიონის ეკის თემის კოორდინატორ - რომან ცხვიტავას დაკავებასთან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ პოლიციამ ის ხულიგნობის ბრალდებით აიყვანა, სასამართლომ კი მას ერთთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
„სენაკის რაიონში პოლიცია აკავებს “კარდაკარში” მონაწილე ჩვენს აქტივისტებს. ესაა მიუღებელი, რადგან ამით ხელი ეშლება პოლიტიკური პროცესის ნორმალურად წარმართვას. მინდა მივმართო უწყებათაშორის კომისიას, ყურადღება მიაქციოს ამ ფაქტს და იმასაც, რომ არავის შეეშალოს ხელი პოლიტიკური პროცესის წარმართვაში. ხელისუფლების მიზანია ჩვენი წონასწორობიდან გამოყვანა, თუმცა ჩვენ მშვიდად განვაგრძობთ კამპანიას და “ნაციონალურ მოძრაობას” აუცილებლად დავამარცხებთ”, – განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს.