პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ბაჩო ახალაიას კანდიდატურა მან შესთავაზა.
მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ შს მინისტრის თანამდებობაზე ბაჩო ახალაია საუკეთესო კანდიდატურაა.
„მე ბუნებრივია, გულგრილი ვერ ვიქნები შსს-ს ბედზე და მიმაჩნია, რომ ბაჩო ახალაია შეძლებს. ის საუკეთესო კანდიდატურაა, რათა შეინარჩუნოს და გააგრძელოს ის გზა, რეფორმები, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს სამინისტროს ჰქონდა აღებული. მე მაქვს გარანტია, ვარ დარწმუნებული, რომ ბაჩო არის საუკეთესო კანდიდატურა. ძალიან მიხარია, რომ ჩემი ინიციატივას მხარი დაუჭირა პრეზიდენტმა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ერთად და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად გავაგრძელებთ რეფორმებს ყველა სამინისტროსა და ყველა უწყებაში“, - განაცხადა მერაბიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა დღეს გახდა ცნობილი. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია ბაჩო ახალაია; თავდაცვის მინისტრის პოსტზე - დიმიტრი შაშკინი; განათლების მინისტრის პოსტზე - ხატია დეკანოიძე. თანამდებობას ტოვებს კობა სუბელიანი, რომელსაც დალი ხომერიკი შეცვლის.