ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა თბილისის მერის, გიგი უგულავას მიერ, მის მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს.
მეუფე სერაფიმეს განცხადებით, მერის განცხადებებზე კომენტარის გაკეთება უკვე კინკლაობის ფორმას მიიღებს.
მეუფე მიიჩნევს, რომ „მაესტროს“ ეთერში გასულმა GNS-ის სიუჟეტმა ეკლესიას დიდი დარტყმა მიაყენა და თავად მეუფე ხელისუფლებასთან დააპირისპირა.
„ძალიან შეცდნენ ახალგაზრდები. იცით, ამ ამბავს ბორჯომში როგორ განიცდიან? ეს არ უნდა გაეკეთებინათ. ამით საკუთარი თავიც დარტყმის ქვეშ დააყენეს“,-განაცხადა მიტროპოლიტმა.
ცნობისთვის, თბილისის მერმა გიგი უგულავამ სტუდია GNS-ის მიერ მომზადებული სიუჟეტის კომენტირებისას, რომელშიც მიტროპოლიტი სერაფიმე უგულავას მხრიდან პატრიარქის მისამართით ხმამაღალ საუბარზე ყვება, ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლი სერაფიმე ტყუილსა და ცილისწამებაში დაადანაშაულა.
გადაცემა „კვირის რეპორტაჟში“ 1-ელ ივლისს გავიდა სიუჟეტი, რომელშიც, გადაცემის წამყვან ნანა ლეჟავას ინფორმაციით, ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე ფარულად არის ჩაწერილი. მიტროპოლიტი ჟურნალისტს უყვება, რომ „საერო პირების მხრიდან, განსაკუთრებით კი გიგი უგულავასგან, პატრიარქის მიმართ ხშირად ადგილი აქვს ხმამაღალ საუბარს და ზოგჯერ ყვირილსაც“.