თბილისის მერი, გიგი უგულავა, ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმეს განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც უგულავას მხრიდან პატრიარქის მისამართით ხმამაღალ საუბარს ეხება. ამის შესახებ მეუფემ GNS-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში -„კვირის რეპორტაჟში“ ისაუბრა.
უგულავამ მეუფე ტყუილსა და ცილისწამებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ამ სიუჟეტის მხოლოდ ანონსი ნახა და ისიც - Youtube-ზე.
„გამახსენდა ერთი მართლმადიდებლური ხატი - მეორედ მოსვლის. ძალიან ნიშანდობლივი და საინტერესო ხატია. მასზე ერთ მხარეს არის ჯოჯოხეთის, ხოლო მეორე მხარეს - სამოთხის გზა და ორივე მიმართულებით პირველ რიგში დგანან სასულიერო პირები. ძალიან დასანანი და სამწუხაროა, როდესაც სასულიერო პირი ასეთი ტყუილისა და ცილისწამების უფლებას აძლევს თავს", - აღნიშნა გიგი უგულავამ.
გადაცემა "კვირის რეპორტაჟში" 1-ელ ივლისს გავიდა სიუჟეტი, რომელშიც, მიტროპოლიტი ჟურნალისტს უყვება, რომ "საერო პირების მხრიდან, განსაკუთრებით კი გიგი უგულავასგან, პატრიარქის მიმართ ხშირად ადგილი აქვს ხმამაღალ საუბარს და ზოგჯერ ყვირილსაც".