პარლამენტის განათლების კომიტეტის აპარატის სპეციალისტი, მწერალი და მთარგმნელი ქეთევან ტომარაძე მიიჩნევს, რომ განათლების სფეროში არაპროფესიონალი დიმიტრი შაშკინი ასევე არაპროფესიონალმა პოლიციელმა ხატია დეკანოიძემ შეცვალა.
From.ge-სთან საუბარში ტომარაძემ განაცხადა, რომ ხატია დეკანოიძეს ალბათ ჰგონია, რომ ისეთი უწყების ხელმძღვანელად ინიშნება, რომლის მართვას თავისი მწირი გამოცდილებით იოლად შესძლებს.
„მას დაავიწყდა ის გარემოება, რომ განათლების სამინისტრო ის სისტემაა, რომელშიც ყველაზე სწრაფად იცვლება მინისტრები მათი არაპროფესიონალიზმისა და მართვის უუნარობის გამო“, - აღნიშნა ქეთევან ტომარაძემ.
მისივე განმარტებით, დიმიტრი შაშკინის მინისტრობას უკავშირდება ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტი, როგორიც არის მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება.
„არაპროფესიონალმა განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პროფესიონალი მიმინოშვილი გაათავისუფლა, რომელიც მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნაში, არამედ საერთაშორისო საგანმანათლებლო წრეებში. ეს იმ გარემოებითაც დასტურდება, რომ დღეს მაია მიმინოშვილის გარშემო გაერთიანდნენ ცნობილი და აღიარებული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შაშკინმა განათლების სისტემაში პოლიციური რეჟიმი დაამყარა, ახლა კი ის არაპროფესიონალმა პოლიციელმა ხატია დეკანოიძემ შეცვალა“ – აღნიშნა ქეთევან ტომარაძემ.