"2006 წლის 26 მარტის ღამის 01 საათზე, ბაჩო ახალაია მიდის ციხის საავადმყოფოში და დირექტორის კაბინეტში ჩაჰყავს ე.წ. "კარგი ბიჭები" ვიბლიანი და ავალიანი, იქვე კაბინეტთან აჩერებენ ამავე სტატუსის მქონე ცინდელიანს. ქურდების საკნიდან, დირექტორის კაბინეტში შეჰყავთ პლატონ მამარდაშვილი, რომელსაც მეგისი ქარდავამ (იმ პერიოდში მე-7 საპყრობილის დირექტორი იყო) თმის შეჭრა დაუწყო.
შემდეგ, ავალიანთან მიდის ვიღაც თანამშრომელი, რომელსაც ხელში ვიდეო გადამღები ეჭირა. ეკითხება, დღეს რა რიცხვიაო. სკამზე მჯდომი ავალიანი ჩუმად პასუხობს, არ მახსოვსო. ამ დროს, მასთან მიიჭრა გაცოფებული ბაჩო ახალაია, სახეში სილა გააწნა და დაუყვირა _ "მტყუანის დედაო"... ამ გინებისა და დარტყმის მერე, წამოიჭრა შეურაცხყოფილი ავალიანი და ახალაიას თავისი მძიმე მუშტი, მთელი ძალით ყბაში უთავაზა (ავალიანი ყოფილი ძიუდოისტია). იქვე მყოფი სპეცნაზელები, ავალიანს, ვიბლიანს და მამარდაშვილს დაერივნენ და სასტიკად სცემეს, ხოლო გამწარებულმა ახალაიამ, ავალიანს პირში იარაღი ჩაუდო. იქ მყოფმა მისმა თანამშრომლებმა, მისი დაშოშმინება ძლივს შეძლეს, ამათ გულისთვის შარს არ გადაეკიდოო. ბოლოს, სპეცრაზმელებმა ისე სცემეს დასახელებული პატიმრები და იქვე მდგარი ცინდელიანიც, რომ ბაჩო ახალაია იქით აჩერებდა, არ შემოგაკვდეთ, მაგათი დედაცო... ამ ცემის შედეგად, მანამდე ფეხზე მოსიარულე ვიბლიანი, ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა და დღესაც ასეთ მდგომარეობაშია" , _ ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ციხის გახმაურებული ბუნტის დროს, ე.წ კანონიერ ქურდს", მალხაზ ზედელაშვილს იცავდა.
2006 წლის 27 მარტს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მასობრივი არეულობა მოხდა. 7 მსჯავრდებული დაიღუპა, სხეულის დაზიანებები მიიღეს სპეც-რაზმისა და სასჯელაღსრულების სპეც-სამსახურის დაცვის წევრებმა.
მაშინ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბაჩო ახალაია იყო, ახალი შს მინისტრი, რომელიც ოფიციალურად იქნა უკვე წარდგენილი ამ პოსტზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბუნტის მოწყობისთვის, განსასჯელის სკამზე ე.წ "კანონიერი ქურდები": მალხაზ ზედელაშვილი, პლატონ მამარდაშვილი, ნიკოლოზ მახარაძე და კრიმინალური "ავტორიტეტები", ზურაბ ვიბლიანი, გიორგი ავალიანი და ლევან ცინდელიანი ისხდნენ.
ოფიციალური ვერსიით, "პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში შეტყობინება შევიდა იმის შესახებ, რომ ციხის საავადმყოფოში მყოფი კანონიერი ქურდები და კრიმინალური "ავტორიტეტები", მასობრივ არეულობას უკეთებდნენ ორგანიზებას. პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორი, შესაბამისი ღონისძიების გატარებას ითხოვდა. ღონისძიების გატარების შედეგად, საპყრობილეში სპეც-დანიშნულების რაზმის წევრები შევიდნენ".
სასამართლოზე, ბრალდებულმა გიორგი ავალიანმა, ოფიციალური ვერსიისგან აშკარად განსხვავებული ჩვენება მისცა. მან განაცხადა, რომ ბაჩო ახალაიამ სახეში სილა გააწნა და დედაზე შეაგინა. რა თქმა უნდა, ვალში არც ის დარჩა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, გვარიანად უთავაზა. გაბრაზებულმა ახალაიამ იარაღი მოიმარჯვა, მაგრამ სპეც-რაზმელებმა იმის შიშით, პატიმარი არ შემოაკვდესო, იარაღი წაართვეს...
ბაჩო ახალაია მაშინ, ბრალდების მოწმეთა 26 კაციან სიაში ფიგურირებდა. მან, რა თქმა უნდა, სასამართლოზე ყველაფერი უარყო.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით: "ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი პატიმრები, "კანონიერი ქურდები": მალხაზ ზედელაშვილი, პლატონ მამარდაშვილი, ნიკოლოზ მახარაძე და კრიმინალური "ავტორიტეტები": ზურაბ ვიბლიანი, გიორგი ავალიანი და გოჩა ცინდელიანი, დაწესებულებაში ყოფნისას, დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს და იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ვერ სარგებლობდნენ პრივილეგიებით, რაც სასჯელაღსრულების სისტემაში დაწყებული რეფორმის შედეგად შეუძლებელი გახდა, მათ განიზრახეს სასჯელაღსრულების დაწესებულების საქმიანობის დეზორგანიზაცია და ამავე დაწესებულებების ადმინისტრაციაზე თავდასხმის მიზნით დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნა, რასაც უნდა გამოეწვია სასჯელაღსრულებით სისტემაში მიმდინარე რეფორმების შეჩერება, მითითებული რეფორმების გამტარებელი გუნდის კომპრომიტირება, ქურდული ტრადიციებისა და ავტორიტეტის აღდგენა-გაძლიერება. ამ მიზნით, ზემოხსენებულმა პირებმა, გადაწყვიტეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებებში მოთავსებული სპეცკონტიგენტისათვის მოეწოდებინათ არეულობისა და მასობრივი დაუმორჩილებლობისაკენ, შეერჩიათ დანაშაულებრივი დაჯგუფების აქტიური წევრები, რომელთა მოქმედებაც გამოიწვევდა უმართავ პროცესებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებებში, რასაც საბოლოოდ მოჰყვებოდა დეპარტამენტის ხელმძღვანელობის შეცვლა და ძველი, ე.წ. "ქურდული ტრადიციების აღდგენა".
2006 წლის 26 მარტს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მიღებული იქნა შეტყობინება პატიმართა და მსჯავდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან იმის თაობაზე, რომ მითითებულ დაწესებულებაში განთავსებული "კანონიერი ქურდები", მალხაზ ზედელაშვილი, პლატონ მამარდაშვილი, ნიკოლოზ მახარაძე და კრიმინალური "ავტორიტეტები" გიორგი ავალიანი, ზურაბ ვიბლიანი, ლევან ცინდელიანი ორგანიზებას უკეთებდნენ მასობრივ არეულობას.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ ციხის საავადმყოფოს დირექტორმა სწორედ აქიდან გამომდინარე ითხოვა შესაბამისი ღონისძიების გატარება, რის საფუძველზეც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, ოპერატიულ თანამშრომლებთან ერთად საავადმყოფოში გამოცხადდა. მათი მიზანი იყო, ზემოთაღნიშნული პირების იზოლირება მოეხდინათ სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
2006 წლის 27 მარტს, ღამის პირველ საათზე, დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ, ზედელაშვილის, მამარდაშვილის, მახარაძის, ავალიანის, ცინდელიანისა და ვიბლიანის მიმართ, შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაიწყო. მათ წინააღმდეგობა გაუწიეს ადმინისტრაციის მოთხოვნებს და ციხის საავადმყოფოში მყოფ პატიმრებს, მასობრივი არეულობისკენ მოუწოდეს. ისინი საპყრობილის სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს. ციხის საავადმყოფოში დარჩენილმა პატიმრებმა, დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. დაიწყეს ყვირილი, რკინის საგნების ერთმანეთზე დარტყმა, ფანჯრის მინების ჩამსხვრევა, საყოფაცხოვრებო ნივთებისათვის ცეცხლის წაკიდება. არეულობა გადაედო #1 და #5 საპყრობილეებს.
#5 საპყრობილეში გაჩნდა ხანძრის კერები, პატიმართა სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
7 დაღუპული მსჯავრდებულების საქმეზე დღემდე არავის გაუცია პასუხი.
ეს ამბავი ბაჩო ახალაიას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეობის დროს ხდებოდა...
მისსავე სახელს უკავშირდება ე. წ"კანონიერი ქურდის" პლატონ მამარდაშვილის საქმეც, რომელმაც მაშინდელ სახალხო დამცველთან, სოზარ სუბართან სკანდალური განცხადება გააკეთა ბაჩო ახალიას შესახებ.
გურიანიუსი, თამარ ლეფსვერიძე