პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მომზადების ბრალდებით „ქართული ოცნებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების გადაბირებას ცდილობდნენ, აცხადებს, რომ ეს იმ თანამშრომლების მიერ იყო პროვოცირებული ვინც ჩაწერა განახორციელა, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი წარმომადგენლები ამგვარ პროვოკაციას არ უნდა წამოგებოდნენ.
„ეს ორი ადამიანი მართლაც, ჩვენი პარტიის წევრები არიან. ისინი დიდი შენაძენი იყო ჩვენი პარტიისთვის, მაგრამ მე ჩემს პარტიის წევრებს ძალიან მაღალ მოთხოვნებს და სტანდარტებს ვუწესებ. ვიცი რა და ვგრძნობ რა ლოგიკით, რომ ეს იმ თანამშრომლის მიერ, იყო პროვოცირებული ვინც ჩაწერა განახორციელა, მაგრამ მე მაინც მივიჩნევ, რომ ჩვენი წარმომადგენლები ამგვარ პროვოკაციას არ უნდა წამოგებოდნენ“,- განაცხადა ალასანიამ.
ალასანიას თქმით, ჩანაწერი ნახევარფაბრიკანტი იყო და აღნიშნავს, რომ ეს ხელისუფლებამ იმ დიდი უკანონობის გადასაფარად გამოიყენა, რაც მისი თქმით, გორის რაიონ სოფელ მერეთში განხორციელდა.
„აშკარად ჩანს, რომ ეს ჩანაწერი ნახევარფაბრიკატია. ალბათ, გაგრძელება იყო დაგეგმილი, სადაც ე.წ. გადაბირების კანდიდატის მიერ, კონკრეტული ფული და შესრულებული სამუშაო უნდა გამოჩენილიყო. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რწმენას ჩემში, რომ ეს მეორე მხარის მიერ იყო პროვოცირებული და იყო გადაფარვის მცდელობა ჩადენილი დიდი უკანონობის დიდი პოლიტიკური შეცდომისა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რაც გორის რაიონ სოფელ მერეთში განხორციელდა“, - განაცხადა ალასანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ჩართვისას.