ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ ვიცე-პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძესთან შეხვედრა გამართა.ვერშბოუს განცხადებით, ვიცე-პრემიერ-მინისტრთან ძალიან საინტერესო დისკუსია ჰქონდა და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი, რათა საქართველომ ნატო-ში გაწევრიანების უფლება მოიპოვოს.
ვერშბოუს თქმით, გასაგრძელებელია რეფორმები თავდაცვის მიმართულებით.
„ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩემთვის, როგორც გენერალური მდივნის ახალი მოადგილისთვის, რომ საქართველოს მიერ სხვადასხვა მიმართულებით მიღწეული პროგრესი პირადად ვნახო, კერძოდ, პროგრესი ალიანსთან პარტნიორობის გზაზე, პროგრესი, როგორც მნიშვნელოვანი კონტრიბუტორის ნატო-ს ოპერაციებში და საქართველოს პროგრესი უშუალოდ ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. ვიცე-პრემიერ-მინისტრთან ძალიან საინტერესო დისკუსია მქონდა. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი, რათა საქართველომ ნატო-ში გაწევრიანების უფლება მოიპოვოს. გასაგრძელებელია რეფორმები თავდაცვის მიმართულებით", - განაცხადა ვერშბოუმ.
ვერბშოუმ ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ ნატო-ში ინტეგრაციისკენ თავისი გზა უნდა გააგრძელოს. მისივე თქმით, ჯერ არ არსებობს კონკრეტული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ შემდეგი სამიტი აუცილებლად გაფართოების სამიტი იქნება, „თუმცა საქართველოს შესაძლებლობებს მე ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ და მჯერა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება“ - აღნიშნა ვერშბოუმ.