აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა კონკრეტულ ინციდენტებთან, მათ შორის გორის რაიონის სოფელ მერეთში ირაკლი ალასანიასა და ბიძინა ივანიშვილის სტუმრობისას განვითარებულ მოვლენებსა და „გლობალტივის“ ანტენების დაყადაღებაზე, კონკრეტული კომენტარი არ გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ „საქართველოში საკმაოდ დიდი ხანი ვიმყოფები იმისთვის, რომ დავინახო, რამდენად რთულია ფაქტებსა და შეხედულებებს შორის განსხვავების დანახვა“.
ბასის თქმით, აშშ ელის, რომ საქართველოში, წინასაარჩევნო პერიოდში ხედვების განსხვავებების მიუხედავად, პროცესები ძალადობისა და ძალის გამოყენების გარეშე წარიმართება.
„ამ ინციდენტებთან პარალელების გარეშე მინდა, აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია კონკურენტულ გარემოში წარიმართოს და მოქალაქეებამდე საკუთარი შეხედეულებების მიტანა ყველა პოლიტიკურმა ძალამ შეძლოს. ველით, რომ პოლიტიკური პროცესი ძალადობისა და ძალის გამოყენებლობის გარეშე წარიმართება. რაც შეეხება ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე შეძლონ, მაქსიმალურად ფართო სპექტრი მიიღონ ინფორმაციისა, რათა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ“, - განაცხადა ბასმა.