შოთა მალაშხია:  ეტყობა პოლიტიკურმა პარტიებმა აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი შეაწუხეს და მათ პასუხი გასცა

შოთა მალაშხია: ეტყობა პოლიტიკურმა პარტიებმა აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი შეაწუხეს და მათ პასუხი გასცა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა მალაშხია მიიჩნევს, რომ ეტყობა პოლიტიკურმა პარტიებმა აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი შეაწუხეს და მათ პასუხი გასცა. ეს შეფასება მალაშხიამ ჯონ ბასის განცხადების კომენტირებისას გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მიმდინარე საარჩევნო პერიოდში საქართველოში კონკრეტულ პირს და კონკრეტულ პარტიას არ უჭრს მხარს.

„ეტყობა ჟურნალისტებმა და პარტიებმა შეაწუხეს და პასუხი გასცა. დიპლომატი ყოველთვის ამგვარ პასუხს გასცემს“, -  აღნიშნა მალაშხიამ. 

მისივე განმარტებით, ეს არის დიპლომატის განცხადება და ასეც უნდა იყოს, რადგან მხარს  არჩეულ ხელისუფლებას უჭერენ.

„ეს არჩეული ხელისუფლება ამ ეტაპზე და მომავალშიც იქნება ნაციონალური მოძრაობა და ეს არის კურსი, რასაც საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობასთან ერთად ავითარებს. ეს არის ნატოსკენ და ევროკავშირისკენ სწრაფვა. ამ კურსს აშშ-ს ადმინისტრაცია აუცილებლად დაუჭერს“, – აღნიშნა მალაშხიამ.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განაცხადებით, აშშ მხარს უჭერს ქვეყანას დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დემოკრატიის განმტკიცებაში.

"მე არაერთხელ აღმინიშნავს და ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც ღირს გამეორება იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა არ უჭერს მხარს კონკრეტულ პირს და პარტიას მიმდინარე საარჩევნო პერიოდში. ის დამხარების პროგრამები, რომელსაც აშშ-ის მთავრობა საქართველოში ახორციელებს, მიმართულია ამ ქვეყნის ხალხის ხელშესაწყობად, დემოკრატიული კულტურის გასაღრმავებლად, საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლებლობის მისაცემად, რომ თვითონ უკეთ შეძლონ დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება და წარმართვა, რათა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად აირჩიო საკუთარი მომავალი", - განაცხადა ჯონ ბასმა.