„ჩვენ „სახალხო კრებამ“ ასეთი შემადგენლობით აგვირჩია. ამიტომ არავის არ გვაქვს იმის უფლება, რომ რომელიმე ჩვენი წევრის გარიცხვის საკითხი დავაყენოთ“, - ამის შესახებ მოძრაობა თეთრების ლიდერმა და სახალხო კრების წარმომადგენელმა, თემურ შაშიაშვილმა From.ge-სთან საუბარში განაცხადა.
მისი განმარტებით, ის ინარჩუნებს თავის პოზიციას, რომელიც პარლამენტში კანდიდატებისა და მაჟორიტარ-დეპუტატობის სიების წარდგენას, ასევე ივანიშვილის შემოთავაზებულ წინადადებაზე დათანხმებას თუ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს უკავშირდება. მისი თქმით, ის დღემდე ფიქრობს, რომ ლუკა კურტანიძე და სოსო ჯაჭვლიანი ღირსეული ადამიანები და ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო კაცები არიან.
„ისინი არიან ვაჟკაცი ხალხი და როგორ შემიძლია მათი წინააღმდეგი ვიყო. მაგრამ არის საკითხები, რომელთა მიმართაც ჩვენ საკუთარი პოზიციები და მოსაზრებები გვაქვს. როგორ შეიძლება ამან ჩვენი დაპირისპირება გამოიწვიოს ან განსხვავებული პოზიციების გამო ერთმანეთი გავრიყოთ. პირიქით ეს არის ჩვენი სიძლიერე“, - განაცხადა შაშიაშვილმა.
მისი განმარტებით, კრების წარმომადგენლების განსხვავებული ხედვები საქართველოს სასიკეთოდ არის მიმართული, თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ ისეთ პრინციპული საკითხები, როგორიც არის „ვერაგი“ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, ისინი ერთნი არიან და ერთად აპირებენ მის წინააღმდეგ ბრძოლას.
„პირადი წყენინების და პირადი პრობლემების მოგვარების დრო არ არის. საუბარია ქვეყნის გადარჩენაზე. ამ დროს ყველამ უნდა გადავდოთ პირადი. მე ვიცი, რომ კრების სხვა წევრებიც ასე ფიქრობენ. შეიძლება რაღაცაში არ დაემთხვეს ჩვენი აზრები, მაგრამ ეს არ არის ისეთი პრინციპული, რომ ამის გამო აჟიოტაჟი ავტეხოთ“, - აღნიშნავს შაშიაშვილი.
რაც შეეხება გუშინდელ სხდომას, შაშიაშვილის განცხადებით, კრებამ ქვეყნისათვის პრინციპულ სხვა საკითხებზეც, მათ შორის ერთიანი ფრონტის შექმნაზეც ისაუბრა „ვერაგი ხელისუფლების წინააღმდეგ. გარდა ამისა, მისი თქმით, მოხდა შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოსვლა.
„ეს იქნება უმადურობა და არაქართული განწყობა. ის რომ მედია საშუალებები ცუდად აშუქებენ მას და ანტისახელმწიფოებრიობას აღვიძებენ, არ ნიშნავს იმას, რომ ის მართლაც ცუდია, ჩვენ კი ამ ვერაგი ხელისუფლების გვერდით უნდა ვიყოთ. ბიძინა ივანიშვილი კარგი შანსია და თუ ვინმემ იცის როგორი ქართველია ის, პირველ რიგში მე ვიცი იმერეთიდან. როგორ შეიძლება, რომ იმ ქართველი ადამიანის წინააღმდეგ გამოვიდე, როგორიც ბიძინა ივანიშვილია“, - აღნიშნა შაშიაშვილმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სახალხო კრების წარმომადგენლებმა, ლუკა კურტანიძემ და სოსო ჯაჭვლიანმა თეთრების ლიდერის, თემურ შაშიაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც „პოლიტიკაში სპორტსმენების, მწერლებისა და მსახიობების ადგილის არ არსებობას“ უკავშირდებოდა, უკმაყოფილება გამოთქვეს. სწორედ ამის შემდეგ დადგა შაშიაშვილის კრებიდან გამიჯვნა-არ გამიჯვნის საკითხი.