საია  შსს-ს  იმ  მოქალაქეების საქმის შესწავლას ითხოვს, რომლებიც  ფონდ „ქომაგისთვის“ დახმარების თხოვნით მიმართვის შემდეგ დაიკითხნენ

საია შსს-ს იმ მოქალაქეების საქმის შესწავლას ითხოვს, რომლებიც ფონდ „ქომაგისთვის“ დახმარების თხოვნით მიმართვის შემდეგ დაიკითხნენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „საია“  იმ მოქალაქეების საქმის შესწავლას ითხოვს, რომლებიც ფონდ „ქომაგისთვის“ დახმარების თხოვნით მიმართვის შემდეგ მოწმის სახით დაიკითხნენ.

აღნიშნულის შესახებ, „საიამ“ განცხადება გაავრცელა.  განცხადების მიხედვით, ასოციაციის ადვოკატები ამ მოქალაქეებს გაესაუბრნენ და გივი ქურიძის, მანანა გურგენაშვილის, ლამზირა ყოჩიშვილის, ნუგზარ ბელქანიას მონათხრობების შეჯერების შედეგად იქმნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან, მითითებულ პირთა მოწმის სახით დაკითხვის პროცესში, ადგილი ჰქონდა კანონდარღვევებს.

„ზემოაღნიშნული პირები ადასტურებენ, რომ ნამდვილად მიმართეს ფონდ „ქომაგს“. მათი განმარტებით, 2012 წლის 9 ივნისს შსს-ს თანამშრომლებმა სახლებში მიაკითხეს და მოტყუებისა და იძულების წესით მოდულის შენობაში წაიყვანეს. უმრავლეს შემთხვევაში, პოლიციელებს სამოქალაქო ფორმა ეცვათ და თავიანთ ვინაობას მოწმის სახით დასაბარებელ პირებს არ უმხელდნენ. მართალია, მოდულის შენობაში დაკითხვის დროს მოქალაქეებს ეცნობათ, რომ მოწმის სახით იკითხებოდნენ, თუმცა, კონკრეტულად რა დანაშაულის ფაქტზე მიმდინარეობდა გამოძიება, მათთვის არ აუხსნიათ. სამ მათგანს არ განემარტა ადვოკატის დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

საიაში აცხადებენ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მოითხოვს, რომ მოწმის სახით დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს უწყება, სადაც , „აღნიშნული უნდა იყოს, ვინ და რისთვის, ვისთან და რა მისამართზე არის გამოძახებული, გამოცხადების დღე და საათი“. მოწმის იძულებითი წესით მიყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ იგი არასაპატიო მიზეზით თავს არიდებს გამოცხადებას.

საია-ს ინფორმაციით, შემაშფოთებელი იყო მოქალაქე გივი ქურიძის მონათხრობი - აღნიშნული პირი „ც“ ჰეპატიტით არის დაავადებული ოპერაცია 5 ივნისს გაიკეთა, 9 ივნისს კი - პალატაში მიაკითხა სამმა პოლიციელმა და განუცხადეს, რომ დაკითხვაზე უნდა წაეყვანათ. მიუხედავად იმისა, რომ ქურიძე ახალი ნაოპერაციები იყო, ჭრილობა ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოშუშებული და ექიმიც წინააღმდეგი იყო, რომ საავადმყოფოდან გაეყვანათ, პოლიციელებმა მაინც წაიყვანეს იგი მოდულის შენობაში. გაურკვეველ მიზეზთა გამო, ქურიძის დაკითხვა დროულად ვერ მოხერხდა, იგი შეუძლოდ გახდა და ამიტომ საავადმყოფოში დააბრუნეს. ამის შემდეგ, იმავე დღეს იგი ისევ წაიყვანეს მოდულის შენობაში დასაკითხად. ორსაათიანი ლოდინის შემდეგ, ქურიძე კვლავ ცუდად გახდა. როგორც თავად განმარტავს, გაუსივდა სხეული და სუნთქვის უკმარისობა შეექმნა, რის შემდეგაც გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და მისი საშუალებით კვლავ საავადმყოფოში დააბრუნეს. საბოლოოდ, ქურიძის დაკითხვა საავადმყოფოში მოხდა.

„ახალგაზრდა იურისტების“ ინფორმაციით, აღნიშნულ მოქალაქეებს უსვამდნენ ისეთ კითხვებს, რომელთაც არაფერი ჰქონდათ საერთო რაიმე კონკრეტულ სამართალდარღვევასთან. მაგალითად, ნ.ბელქანია აღნიშნავს, რომ მას ასეთი კითხვები დაუსვეს - „გამოხვალთ თუ არა ქუჩაში, თუ ოქტომბერში არჩევნებს წააგებთ?“ ,“რატომ ხართ ოპოზიციაში, როცა გაქვთ დენი, გაზი და წყალი“ და ა.შ.

ახალგაზრდა იურისტები აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვს დროულად და ობიექტურად შეისწავლოს ზემოთ მითითებული ფაქტები, რის შემდეგაც უნდა დადგინდეს, მოცემულ შემთხვევაში, რა სახის სამართალდარღვევებს ჰქონდა ადგილი - დისციპლინურს თუ სისხლის სამართლებრივს.