გვარამიას პროტეჟე ზვიად კუკავა ირაკლი ალასანიას უღიმღამო პოლიტიკოსს უწოდებს

გვარამიას პროტეჟე ზვიად კუკავა ირაკლი ალასანიას უღიმღამო პოლიტიკოსს უწოდებს

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზვიად კუკავას შეფასებით,ირაკლი ალასანია უღიმღამო პოლიტიკოსია, რადგან მან პოლიტიკაში თავისი ნიშის დაკავება ვერ შეძლო. თავად კუკავა დარწმუნებულია, რომ სურვილის შემთხვევაში, ის  „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური სახე გახდებოდა. ამ ეტაპზე კუკავამ არ იცის საპარლამენტო სიაში მოხვდება თუ არა, თუმცა, დარწმუნებულია უმუშევარი  არ დარჩება.

 

from.ge ზვიად კუკავას ესაუბრა:

– რატომ უწოდეთ ირაკლი ალასანიას უღიმღამო პოლიტიკოსი?

– მისი ქმედებებიდან გამომდინარე, მეტი არაფრის გამო.

– რა ქმედებებიდან გამომდინარე?

–მას შეეძლო ოპოზიციის ლიდერი გამხდარიყო და ვერანაირად ვერ გახდა.

– ივანიშვილის ქოლგის ქვეშ დაიკარგა?

– არა, ივანიშვილამდე შეეძლო გამხდარიყო ოპოზიციის ლიდერი. 2009 წელს მას მეტ-ნაკლებად ჰქონდა ოპოზიციის ლიდერობის შანსი, რომ პოლიტიკაში  თავის ნიშა დაეკავებინა, რაც ვერ შეძლო. რადგან ივანიშვილის ნავში ჩაჯდა, ამით კიდევ უფრო გაიუარესა თავის მდგომარეობა.   

– ნიშაში რას გულისხმობთ, ირაკლი ალასანია ხომ ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერია?

– რაში გამოიხატება მისი ლიდერობა?

– მას აქვს პარტია და აქტიური, რეიტინგული პიროვნებაა..

– პარტია აქვს ჯონდი ბაღათურიასაც - „ქართული დასი“.

– მერე ბაღათურიას რეიტინგი არა აქვს?

–„ქართულ დასში“  მარტო ჯონდი ბაღათურიაა, მეორე ადამიანი დამისახელეთ მის პარტიაში, რომელიც საზოგადოებაში ცნობადია. ანალოგიურად არის ალასანიას პარტიაშიც. კი ბატო ზურაბ აბაშიძეს დაასახელებთ ალბათ...

– არა მარტო ზურაბ აბაშიძეს, ალასანიას პარტიაში არიან: გიორგი ცაგარეიშვილი, თეა წულუკიანი, ალექსი პეტრიაშვილი, ვიქტორ დოლიძე, ირაკლი ჩიქოვანი  და კიდევ ძალიან ბევრი...

– ძალიან ბევრი ცნობადი სახე არ არის. მათ იმის გამო იცნობთ, რომ თავის დროზე ხელისუფლებაში იყვნენ, მეტი არაფრის გამო.

– ისინი თუ არ არიან ცნობადი სახეები, თქვენ ხართ ცნობადი სახე?

– მე,პოლიტიკურ ლიდერობაზე პრეტენზია არა მაქვს, ალასანიასგან განსხვავებით.

– კი, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის სახე ხომ ხართ?

– ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი ვარ, რიგითი წევრი.

– რიგითი წევრი კი არა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხართ?

–კი, თანამდებობა ერთია, პოლიტიკური აქტიურობა მეორეა. ირაკლი ალასანიასგან განსხვავებით, მე, არ მომინდომებია გავხდარიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, მისი ერთ-ერთი სახე.

– არ მოგინდომებიათ, თუ უბრალოდ ვერ გახდით?

– არ მომინდემებია.

– რომ მოგენდომებინათ გახდებოდით?

– რომ მოვინდომო ალბათ გავხდები.

– მაღალი რეიტინგი არ გაქვთ, არადა, 3 წელია პარლამენტში ხართ და აქტიური ლიდერი ვერ გახდით?

– მე ამის პრეტენზია არა მაქვს, განსხვავებით ალასანიასგან.

– რატომ ? ყოველი ჯარისკაცი ხომ გენერლობაზე ოცნებობს?

– კი, ბატონო, მაგრამ მე ამის პრეტენზია არა მაქვს. მე ვაკეთებ ჩემს საქმეს იმ საქმეს, რაც ქვეყნისთვის არის საჭირო და იმისათვის, რომ კანონმდებლობა დახვეწილი იყოს.  

– დღემდე ერევით დეპუტატებს და ზვიად კუკავას ნაცვლად კახა კუკავას  გეძახიან...

– მერე რა პრობლემაა, მე ამაზე მხოლოდ იუმორით ვპასუხობ.

– იმასაც რომ ამბობენ, რომ ზვიად ძიძიგურისა და კახა კუკავას ჰიბრიდი ხართ?

– კი, ამასაც ამბობენ და ამის ავტორსაც ვესაუბრე.

– ვის?

–ერთ–ერთი ავტორი ლევან ვეფხვაძეა, თავიდან მივედი და ვუთხარი, ეს როგორ თქვი, ვის გაუბედე? სერიოზული სახით ვკითხე, სინამდვილეში კი  ვხუმრობდი. უცებ შეცბა, აღარ იცოდა რა ექნა.

– ვეფხვაძე შეაშინეთ?

– არა, მერე გამეცინა.

– თქვენზე ამბობენ, რომ ბევრ კანონპროექტს თქვენი გვარი აწერია, თუმცა ამ კანონპროექტის შინაარსი არ იცით.

– ასე ამბობენ?

– ჟურნალისტები ხშირად გეკითხებით ამა თუ იმ კანონპროქტის შესახებ,  რომელსაც თქვენი გვარი აწერია, მაგრამ არ იცით, რატომ?

– ყველა კანონპროექტი ვიცი და ყველა კანონპროექტზე მაქვს ინფორმაცია.

– დეტალებში რომ არ იცით?

– როგორ არ ვიცი, ვიცი.

– მაშინ რატომ არ აკეთებთ კომენტარს?

– იმიტომ რომ, იმ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დაკავებული ვარ, ან სხვა ვინც მომხსენებელია, შეიძლება მან მეტი განმარტება მოგცეთ.

– თქვენ საერთოდ პარლამენტში როგორ მოხვდით, ვისი პროტეჟე ხართ?

– ნაციონალური მოძრაობის.

– კონკრეტული პიროვნების პროტეჟე არ ხართ?

– ნიკა გვარამიას არაოფიციალური „კვოტით“ ვარ შემოსული, ნიკა გვარამიას რეკომენდაციით მოვხვდი.

– მანამდე ნიკა გვარამიას იურიდიული ფირმა რომ ჰქონდა იქ საქმიანობდით?

– კი, ეს ადრეულ პერიოდში იყო, იქ იურისტი ვიყავი.

– რა ერქვა იმ ფირმას?

– „სანდო“.

– ამ ფირმაში კახა კუკავაც იყო?

– კი კუკავას და დათო სააკაშვილის ერთობლივი კომპანია იყო.

– მიხეილ სააკაშვილის ძმის მეგობარი ხართ?

– კარგად ვიცნობ.

– პოლიტიკაში დარჩენას აპირებთ?

– გადაწყვეტილი არა მაქვს.

– საპარლამენტო სიაში ჩაგწერენ?

– არ ვიცი.სიების თაობაზე ჯერ „ნაციონალურ მოძრაობაში“ საუბარი არ არის.

– გული დაგწყდებათ სიაში საკუთარ თავს თუ ვერ იხილავთ?

– არა.

– რას გააკეთებთ სიაში თუ არ იქნებით?

– იურისტი ვარ, შესაბამისად, იურისტის საქმიანობას გავაგრძელებ.

– სადმე კერძო კომპანიაში?

– აუცილებელი არ არის კერძო  კომპანიაში, შესაძლოა, საჯარო სამასახურში დავრჩე.

– საჯარო სამსახურში ადგილი უკვე გამზადებული გაქვთ?

– ასე არ არის როგორც ბევრ ჩვენს ოპონენტს წარმოუდგენია, რომ ვიღაცას ადგილს გაუმზადებენ ან სასათბურე პირობებს შეუქმნიან.

– შეიძლება უმუშევარიც დარჩეთ?

– არა, უმუშევარი ნამდვილად არ დავრჩები, ჩემი პროფესია უმუშევრად დარჩენის საშუალებას არ მომცემს.