კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს ჯარიმის გადახდის ვადა დღის ბოლოს ეწურება. როგორც ივანიშვილის ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა აღსრულების ეროვნული ბიუროდან გასულ სამშაბათს მიიღო ერთკვირიანი ვადა, რათა ჯარიმა ნებაყოფლობით გადაეხადა და მისი ქონების შესახებ ინფორმაცია წარედგინა. მისივე თქმით, ვადა დღეს იწურება და სააღსრულებლო წარმოებისთვისაც შესაბამისი პასუხიც ამ ვადაში იქნება გაცემული.
„ვადის გასვლის შემდეგ აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს ის ქონება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელზე ირიცხება საექსპერტო დაწესებულების მიერ შეაფასოს და გასაყიდად აუქციონზე გაიტანოს. ალბათ ეს იქნება მისი შემდგომი ნაბიჯი“, - განაცხადა კბილაშვილმა From.ge სთან საუბარში.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ჯარიმის გადახდას არ აპირებს და აღნიშნა, რომ რა ქონებაც არის მის სახელზე მხოლოდ ის უნდა იყოს რეალიზებული.
„ჩვენ რაიმე სამართლებრივ ნაბიჯების გადადგმას არ ვაპირებთ. დაველოდებით აღსრულების ბიუროს გადაწყვეტილებას და ადექვატურად ვიმოქმედებთ. ყოველშემთხვევაში ამის საპასუხოდ ხალხისთვის დაძახებას და ქუჩაში გამოყვანას არ ვგეგმავთ“, - აღნიშნა კბილაშვილმა.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ბიძინა ივანიშვილის ჯარიმებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული ორი სააღსრულებო ფურცელი მიიღო. დოკუმენტების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით თანხა 74 325 065. 65 (63 110 095 ლარი და 11 214 970.65 ლარი) ლარის ოდენობით.
კონტროლის პალატის ორი ოქმის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილი ჯამში 148 650 131 ლარით დაჯარიმდა. ეს გადაწყვეტილებები ივანიშვილის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც ჯარიმები შეამცირა და მათი რაოდენობა 74 325 065 ლარით განისაზღვრა.
ბიძინა ივანიშვილი ჯარიმის გადახდაზე უარს ამბობს.