კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ათენიდან კოალიციისთვის გარკვეული თანხების გადარიცხვას აპირებენ. ამის შესახებ მათ გუშინ საბერძნეთის დედაქალაქში გამართულ საინფორმაციო შეხვედრა-მიტინგზე განაცხადეს. აქციის მონაწილეებმა რეზოლუცია და მიიღეს, რომლის თანახნად, ისინი აღშფოთებულები არიან იმ უსამართლო გადაწყვეტილებებით, რომელსაც სამართალდამცავები ბოლო დღეების განმავლობაში უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იღებენ. სოლიდარობის მიზნით მათ კოალიციის პოლიტიკური აქტივობის დაფინანსება გადაწყვიტეს და თანამემამულეებს მოუწოდეს, საქართველოში მიმდინარე პროცესებში უფრო აქტიურად ჩაერთონ.
From.ge რეზოლუციას უცვლელად გთავაზობთ:
„ჩვენ საბერძნეთის რესპუბლიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, აღშფოთებულები ვართ იმ უსამართლო გადაწყვეტილებებით, რომელიც ქართულმა სასამართლოებმა „ქართული ოცნებისა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიიღეს. აგრეთვე ჩვენ ვაპროტესტებთ იმ მეთოდებს, რომლითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და პირადად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის პოლიტიკურ ოპონენტებს ებრძვის. თბილისში, ქუთაისსა და ოზურგეთში გამართულმა აქციებმა ნათლად დაგვანახა, რომ კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი - „ქართული ოცნება“ სრულიად სახალხო მოძრაობაა და ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ, პოლიტიკოსების გაერთთიანება. ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, აქედან საბერძნეთის რესპუბლიკიდან, გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა ამ მოძრაობის მიმართ. თითოეული ჩვენგანი უკვე ძალიან დიდი ხანია, ათასობით ევროს ვაგზავნით ყოველ კვირას საქართველოში, რათა შიმშილისაგან დავიხსნათ ჩვენი ოჯახის წევრები და მათ არსებობის საშუალება მივცეთ. ეს დიდ ხანს არ შეიძლება, გაგრძელდეს, ჩვენ მზად ვართ, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილმა მოვახდინოთ ჩვენი და ჩვენი ოჯახების მომავალში ჩვენი თანხების ინვესტირება, მხარში ამოუდგეთ ყველა ქართველს და დავაფინანსოთ ჩვენი მომავალი, ანუ ჩვენ ვუზრუნველყოთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური აქტივობის დაფინანსება. ამ მიზნით მივმართავთ „ქართუ ბანკს“, რათა მოგვცეს საშუალება ჩვენი ადგილზე ყოფნის გარეშე გავხსნათ ანგარიშები, რომლიდანაც თითოეული ჩვენგანი მიხეილ სააკაშვილის მიერ მიღებული დრაკონული კანონების მიუხედავად, მოახდენს თანხების კანონიერ შემოდინებას “ქართული ოცნების” ანგარიშზე.
გარდა ამისა, ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ “ქართულ ოცნებას” ევროპაში მიხეილ სააკაშვილის შესახებ სიმართლის მიტანის საქმეში. ამ მიზნით, ჩვენ დავიწყებთ საქართველოს საელჩოს პიკეტირებას ერთადერთი მოთხოვნით, რათა შეწყდეს “ქართული ოცნებისა” და პირადად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ნიშნით დევნა, აგრეთვე მიეცეს ქართველ ხალხს თავისუფლად და კონკურენტულ გარემოში მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვის ჩააბარებს თავის ბედს და მომავალს 2012 წელს დაგეგმილ არჩევნებზე“, - ნათქვამია რეზოლუციაში.