ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოში წინასარჩევნო ვითარებას ადგილზე დააკვირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება NDI-ის პრეზიდენტმა კენეთ ვოლაკმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრისას გააკეთა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით წინასაარჩევნოდ "MUST CAARY” და "MUST OFFER” -ის ამოქმედებით დაინტერესდა, რაზეც დავით ბაქრაძემ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება მოწოდებულია არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად, რადგან საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საქართველოს მომავალ განვითარებას.
კენეთ ვოლაკმა პარლამენტის თავმჯდომარეს საარჩევნო პერიოდში მისი ორგანიზაციის მხრიდან, როგორც რეკომენდაციების, ასევე მონიტორინგის კუთხით დახმარება აღუთქვა და აღნიშნა, რომ NDI საქართველოს მიმართ ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენს.