პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებას ე.წ. „მასთ ქერის“ პრინციპის დანერგვასთან დაკავშირებით, „რომ ყველა სატელევიზო არხის გადაცემა, ყველა საკაბელო ქსელის მეშვეობით უნდა მოხდეს“ მისასალმებელს უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ინიციატივა უფრო მისასალმებელი იქნებოდა თეფშების დადგმას ხელი რომ არ ეშლებოდეს.
საყვარელიძის განცხადებით, ვინაიდან საქართველოს რეგიონებში უფრო კი, სოფლებში კაბელები არაა და მოსახლეობა ინფორმაციას თეფშების საშუალებით იღებს, ეს ინიციატივა მოსახლეობის ინფორმირების გაზრდას ნაკლებად შეუწყობს ხელს.
„თეფშების და კაბელების ერთდროული გამოყენების პირობებში, ასეთი შანსი უფრო მეტია, მოსახლეობა მეტად ინფორმირებული გახდება, თუ საუბარია იმაზე, რომ ინფორმირება დემოკრატიისთვისაა საჭირო“, - განაცხადა საყვარელიძემ.
საყვარელიძის განცხადებით, ე.წ. „მასთ ქერის“ ინიციატივის დანერგვაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თანხმობა იმითაა განპირობებული, რომ თეფშების მოხსნის ოპერაციამ, როგორც ქართველ საზოგადოებაზე ისე დასავლეთის პარტნიორებზე ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა.
„ამ ნაბიჯით მათ გადაწყვიტეს ის იმიჯი, რომ ისინი ებრძვიან ინფორმაციის თავისუფლებას შეიცვალონ და სათქმელი ჰქონდეთ, რომ ისინი ასე თქვათ, ინფორმაციის გავრცელებას ხელს უწყობენ“, - განაცხადა საყვარელიძემ და დასძინა, რომ „თეფშებთან ბძოლის მოტივაცია ცნობილია“.