„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ბანკებს მოუწოდებს არ წაართვას იმ მოქალაქეებს ბინები, ვისაც ბანკში აქვთ ჩადებული. ეს განცხადება ბაღათურიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მან „ქართული დასის“ პროექტი წარმოადგინა, რომელიც საბანკო დავალიანებისგან გათავისუფლებას შეეხება. ბაღათურია ირწმუნება, რომ მისი პროექტი, რომელსაც ექსპერტებმა უნიკალური უწოდეს, მომგებიანი იქნება როგორც მოსახლეობისთვის, ასევე საბანკო სექტორისა და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის.
„დღეისათვის ბანკების არალიკვიდური აქტივების ოდენობა 700 მილიონ ლარს აღწევს, რის გამოც 200 ათასამდე ოჯახის უძრავ-მოძრავი ქონება გასაყიდად არის გასატანი“, - აღნიშნა ბაღათურიამ.
მისი აზრით, სახელმწიფო ბიუჯეტმა 700 მილიონიანი დავალიანება ბანკებისგან უნდა შეისყიდოს, რითაც მოსახლეობა დავალიანებებისგან სრულიად გათავისუფლდება, ბანკების მუშაობა კი გაჯანსაღდება.
,,აღნიშნულ პროცესში ბანკებსა და სახელმწიფოს შორის ასევე, უნდა გაფორმდეს მემორანდუმი იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტიდან მიღებულ თანხას, რომელიც მათთვის ფაქტიურად დაკარგული იყო, ისინი მიმართავენ სოფლის მეურნეობაში. ჩვენი ზუსტი გათვლებით, ამის შედეგად დასაქმდება 545 ათასი ადამიანი. შესაბამისად, მოსახლეობა გადარჩება უძრავ- მოძრავი ქონების დაკარგვას, საბანკო სექტორი გაჯანსაღდება და სახელმწიფო ბიუჯეტიც არ იზარალებს“, - განმარტა ბაღათურიამ.
იგი მიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის საშუალება სახელმწიფო ბიუჯეტს გააჩნია, რადგან, ბიუჯეტიდან 700 მილიონზე მეტი არამიზნობრივად იხარჯება: მანქანებისათვის, მივლინებებისათვის, შადრევნებისათვის, ლაზიკას ჭაობებში იუსტიციის სახლის მშენებლობისათვის. “დასის ლიდერი“ აცხადებს, რომ მისი პროექტი, რომელსაც ექსპერტებმა უნიკალური უწოდეს, მომგებიანი იქნება როგორც მოსახლეობისთვის, ასევე, საბანკო სექტორისთვის და ეკონომიკისთვის.