"კოალიციის ნებისმიერი დიალოგის მიზანი აფხაზეთისა და ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება“, - ასე გამოეხმაურა კოალიცია „ქაართული ოცნების“ პრესსპიკერი, მაია ფანჯიკიძე აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადებას, სადაც ის აცხადებს, რომ „აფხაზეთს ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებების გასამართად ისეთი პრაგმატულად მოაზროვნე პოლიტიკოსები სჭირდება, როგორებიც ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ალასანია არიან“.
ფანჯკიძის თქმით, აფხაზ და ოს ხალხთან ნდობის აღსადგენად კოალიცია „ქართულ ოცნებას“ სპეციალური გეგმა აქვს შემუშავებული.
„ის, რომ საქართველო არასოდეს არ შეურიგდება ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგავს - ეს ერთმნიშვნელოვანია და ჩვენი პოლიტიკური ძალის ამოსავალ წერტილს წარმოადგენს. არ ვიცი რა მოლოდინი აქვს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, მაგრამ საუბარი, რომელიც აუცილებლად შედგება აფხაზ და ოს ხალხთან, საბოლოო მიზნად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და სუვერენიტეტის შენარჩუნებას ისახავს“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
აქვე ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ყველანაირი რესურსი ამოწურა იმისა, რომ ნდობა აღდგეს და სიტუაცია ახალ ეტაპზე გადავიდეს და დასძინა, რომ ახალ ხელისუფლებას, ამის ყველანაირი რესურსი ექნება და ამისათვის მათ მიერ კონკრეტული გეგმაც იქნა შემუშავებული.
„თუმცა ვერავინ ვერავის დაჰპირდება, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე იქნება, მაგრამ ის, რომ პირველი ნაბიჯები გადაიდგას, ნდობა აღდგეს და პირდაპირი დიალოგი გაიმართოს, კოალიციას ამის გეგმა აქვს და ჩვენ ოქტომბრიდან ამ გეგმის განხორციელებას დავიწყებთ, თუმცა ერთი რამ ცხადია, დე ფაქტო ხელისუფლებასთან ნებისმიერი დიალოგი და ურთიერთობა მიზნად დაისახავს, რომ საბოლოო ჯამში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და ოკუპირებული ტერიტორიები ოკუპანტებისგან გათავისუფლდნენ", - განაცხადა ფანჯიკიძემ.