საქართველოს წარმომადგენელი გაეროში, კახა ლომაია ნიუ-იორკში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის "ქართული ოცნების" წევრებთან ერთობლივად აღნიშვნის ფაქტს გამოეხმაურა. ამასთან დაკავშირებით მან გაზეთ „კვირის პალიტრას“ წერილობით უპასუხა.
როგორც ლომაია აცხადებს, 26 მაისს მოხდა ტრადიციული შეკრება, სადაც ის, ნიუ-იორკის მერიის წარმომადგენელი, საქართველოს კონსული ნიუ-იორკში, ნიკა ვეფხვაძე და იქ მცხოვრები რამდენიმე ქართველი სიტყვით გამოვიდა და ერთმანეთს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.
„მეოთხე წელია 26 მაისს ნიუ-იორკში, უოლ-სტრიტზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება იმართება - სიტყვით გამოსვლა, სახელმწიფო დროშის აღმართვა და კონცერტი. წელსაც ასე მოხდა. დაახლოებით, ოთხმოცმა ქართველმა, მათ შორის ოცმა ბავშვმა, მოიყარა თავი. ნიუ-იორკის მერიის წარმომადგენელი, მე, საქართველოს კონსული ნიუ-იორკში, ნიკა ვეფხვაძე და აქ მცხოვრები რამდენიმე ქართველი სიტყვით გამოვედით და ერთმანეთს დამოუკიდებლობის დღე მივულოცეთ. შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა და საქართველოს დროშა აღიმართა, რომელიც კიდევ სამი დღე ფრიალებდა. კონცერტი საბავშვო ანსამბლ "ფესვების" მონაწილეობით გაიმართა. შეკრებილთა შორის იყვნენ ორი მამაკაცი და ასე 7-9 წლის 5-6 ბავშვი, ცისფერი პარტიული მაისურებით. უფროსები წარმომიდგნენ, როგორც ჭიდაობის მწრთვნელები ფილადელფიიდან, ბავშვები კი, რუსები, უკრაინელები და ქართველები, ჩვენი მოსწავლეები არიანო, მითხრეს. ღონისძიება ერთ საათს გაგრძელდა", - განუცხადა „კვირის პალიტრას“ ლომაიამ.
როგორც ცნობილია, გასულ კვირას "ლეიბორისტულმა პარტიამ" აღნიშნული ფაქტის ფოტომასალა გაავრცელა და "ქართული ოცნება" და ხელისუფლება ფარულ თანამშრომლობაში დაადანაშაულა. "კახა ლომაია და "ქართული ოცნების" ლიდერები 26 მაისს, ნიუ-იორკში ერთად ზეიმობდნენ, ერთად აღლუმობდნენ და შემდეგ ერთად წავიდნენ საქეიფოდ", - განაცხადა "ლეიბორისტმა" გიორგი გუგავამ.