მიხეილ სააკაშვილი: ბათუმი განათლების ცენტრი უნდა გახდეს

მიხეილ სააკაშვილი: ბათუმი განათლების ცენტრი უნდა გახდეს

საქართველოს პრეზიდენტმა  მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებს პროფესიული დღე მიულოცა. პრეზიდენტმა ბათუმის  საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე და რამდენიმე წარმატებულ მეზღვაური ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მსოფლიოს ზღვებსა და ოკეანეებს დღეისთვის 18 ათასამდე ქართველი მეზღვაური სერავს და ისინი საქართველოს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია.

„ეს მძიმე, საპასუხისმგებლო და ხიფათით აღსავსე, თუმცა, ამავე დროს, ძალიან ამაღლებული, რომანტიკული და საინტერესო პროფესიაა“- განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ბათუმი განათლების ცენტრი უნდა გახდეს.

„თქვენ იცით, რომ სექტემბერში ბათუმში ჩვენ  ახალ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ვხსნით, რომლის კორპუსები თბილისშიც იქნება, მაგრამ ძირითადად, ეს  ბათუმში განთავსდება.  აქ სასწავლებლად  რამდენიმე ათასი სტუდენტი ჩამოვა. ასევე ვსაუბრობთ იმაზე,  რომ ბათუმში ევროკომისიამ  თავისი  უნივერსიტეტი  გახსნას.  იქაც იმედია,  რამდენიმე ათასი სტუდენტი ისწავლის. მთელი რეგიონებიდან,  მთელი ევროპიდან ჩამოვლენ სტუდენტები და  პირველი იქნება ამერიკული და მეორე, ბათუმში იქნება დიდი საერთაშორისო ევროპული უნივერსიტეტი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ყურადღება ბათუმში არსებულ შოთა რუსთაველის უნივერსიტეტზეც გაამახვილა  და აღნიშნა, რომ მას განვითარება და ყველანაირი ხელშეწყობა სჭირდება.

„ყველაზე დიდი სასწავლო დაწესებულება აქ  და ალბათ, შავი ზღვისპირეთის რეგიონში  ამ პროფილის  ყოფილი საზღვაო ტექნიკუმი,  ახლა საზღვაო აკადემია იქნება, სადაც ჩვენი  გეგმით,  სამ წელიწადში 2015 წლისათვის 15 ათასი  სტუდენტი იქნება.  ეს იქნება დიდი საერთაშორისო საზღვაო განათლების ცენტრი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, სტუდენტები ბათუმს  გააცოცხლებენ, ენერგიას და ეკონომიკურ აქტიურობას მისცემენ.  

„ეს ძალიან დიდი სტუდენტური ჯგუფი თითოეულ ბათუმელს უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს, რომლის მთავარი ღერძი  ეს აკადემია იქნება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, ლევან ვარშალომიძის ხელმძღვანელობითა და  გიორგი კარბელაშვილის დახმარებით,  ბათუმში ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა, მაგრამ პრეზიდენტის თქმით, ეს დასაწყისის დასაწყისია.

„იცით, რომ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა მივიღეთ. რეალურად,  შავ სიაში ვიყავით შეყვანილები.  ახლაც რეალურად,  პრობლემები არის, მაგრამ ჩვენ პრაქტიკულად, გადავარჩინეთ ის,  რომ ჩვენი მეზღვაურების დათხოვნა კორუფციის და თავმოუბმელობის გამო  შეწყდა“, - განაცხადა სააკაშვილმა.