კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის შეფასებით, კოალიციის ახმეტის რაიონული ოფისის ხელმძღვანელის, ზაქარია ქინქლაძის სასამართლო პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში არასათანადო ვითარებაში წარიმართა. ამის შესახებ მან დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
ფანჯიკიძის თქმით, სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არც ჟურნალისტებს, არც ადვოკატებს და არც სხვა დაინტერესებულ პირებს მიეცათ.
„მინდა ვთქვა, რომ ახმეტაში მომუშავე ადვოკატებმა ვაჟა ტერტერაშვილმა და დავით ახალაურმა უარი თქვეს დაკავებულის ინტერესების დაცვაზე. ამიტომ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა თელავიდან მიიწვიეს ქეთი ზაქარიაძე, რაც შემაშფოთებელი ფაქტია“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, თელავის რაიონულ სასამართლოში „ქართული ოცნების“ ახმეტის ოფისის ხელმძღვანელს ზაქარია ქინქლაძეს 25 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა გუშინ შეეფარდა. შსს-ს ინფორმაციის თანახმად, იგი ხულიგნობის ფაქტზე იქნა დაკავებული.